აფეთქების მომზადებაში ბრალდებული დავით ხომერიკი სასამართლომ დამნაშავედ ცნო – მას 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
თბილისის საქალაქო სასამართლომ, მიმდინარე აქციების ფარგლებში აფეთქების მომზადების ბრალდებით დაკავებული დავით ხომერიკი დამნაშავედ ცნო და 4 წლითა და 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა გამოაცხადა.
ხომერიკი ბრალს არ აღიარებს. გადაწყვეტილების გამოცხადებამდე მან საბოლოო სიტყვა წარმოთქვა და განაცხადა, რომ მის მიმართ წაყენებული ბრალდება აბსურდულია.
ცნობისთვის, დავით ხომერიკი სამართალდამცველებმა 2024 წლის 2 დეკემბერს, თავდაპირველად ადმინისტრაციული წესით, გზის გადაკეტვისთვის ძმასთან ერთად დააკავეს. თუმცა, პროკურატურის ინფორმაციით, დაკავებისას მას ცეცხლგამჩენი მოწყობილობები აღმოუჩინეს, რომელიც გამოყენებისთვის იყო გამზადებული.
დავით ხომერიკს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის მე-18-229-ე მუხლით წარუდგინეს, რაც დანაშაულის მომზადებას გულისხმობს. აღნიშნული ქმედება 4-დან 7-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.