დავით სონღულაშვილი: „წარმოების ჯაჭვში ვეტერინარული მანიპულაციები, უვნებლობის კონტროლი, მავნებლებთან ბრძოლა უმნიშვნელოვანესი ფაქტორებია“
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი, სურსათის ეროვნული სააგენტოს ახალციხის რეგიონულ ოფისში მიმდინარე სარემონტო სამუშაოებს გაეცნო.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრმა დეტალური ინფორმაცია მოისმინა სურსათის ეროვნული სააგენტოს სახელმწიფო პროგრამების მიმდინარეობის და გამოწვევების შესახებ. აღინიშნა, რომ სამცხე-ჯავახეთის რეგიონში მეცხოველეობის დარგია განვითარებული, შესაბამისად, ვეტერინარული ღონისძიებები, რომლებიც რეგიონში ტარდება, ცხოველთა დაავადებების პრევენციის მიზნით უმნიშვნელოვანესია.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, აგრარული დარგის განვითარებაში არაერთი რგოლი ასრულებს მნიშვნელოვან ფუნქციას.
„სურსათის ეროვნული სააგენტოს ფუნქციის სამივე მიმართულებით – ვეტერინარია, ფიტოსანიტარია და სურსათის უვნებლობა – მიმდინარე სამუშაოები აერთიანებს იმ აუცილებელ ღონისძიებებს, რომლის გარეშეც შეუძლებელია აგრარული დარგის საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისად განვითარება. წარმოების ჯაჭვში ვეტერინარული მანიპულაციები, უვნებლობის კონტროლი, მავნებლებთან ბრძოლა უმნიშვნელოვანესი ფაქტორებია“, – განაცხადა დავით სონღულაშვილმა.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრთან ერთად იმყოფებოდნენ მინისტრის მოადგილე კახა კაკაბაძე, ახალციხის, ადიგენის, ბორჯომისა და ასპინძის დელეგატი დეპუტატი საქართველოს პარლამენტში ანტონ ობოლაშვილი, სახელმწიფო რწმუნებული სამცხე-ჯავახეთის რეგიონში ზაალ გელაშვილი, ახალციხის საკრებულოს თავმჯდომარე დავით ლომიძე და სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსი ზურაბ ჩეკურაშვილი.