ივლისში, ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობა 13.0%-ით გაიზარდა და 337.0 მლნ აშშ დოლარი შეადგინა
2025 წლის ივლისში, ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 337.0 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 13.0%-ით (38.9 მლნ აშშ დოლარით) მეტია 2024 წლის ივლისის ანალოგიურ მაჩვენებელზე, – ინფორმაციას, ეროვნული ბანკი ავრცელებს.
მათივე ცნობით, წლის დასაწყისიდან 7 თვეში გადმორიცხულია 2,052.0 მლნ აშშ დოლარი.
„სებ-ის მიერ დღეს გამოქვეყნებული სტატისტიკით ირკვევა, რომ გზავნილების მაქსიმალური წილი ევროკავშირის ქვეყნებზე მოდის და 44.3%-ს შეადგენს, შესაბამისი 149.4 მლნ აშშ დოლარით, წლიური ზრდის ტემპი კი 16.4%-ს შეადგენს. ევროკავშირის ქვეყნებიდან აღსანიშნავია იტალიის, გერმანიის და საბერძნეთის მაღალი წილი მთლიან ფულად გზავნილებში.
ამასთან, აშშ-დან ფულადი გზავნილების ზრდის ტენდენცია გრძელდება. კერძოდ, ივლისში აშშ-დან 21.1%-იანი წლიური ზრდა დაფიქსირდა და მოცულობამ 60.9 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.
კლების ტენდენციით ხასიათდება ფულადი გზავნილები რუსეთის ფედერაციიდან. კერძოდ, ივლისში წლიურად 0.5%-ით შემცირდა და 45.3 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.
ცნობისთვის, 2025 წლის ივლისში საქართველოდან საზღვარგარეთ 37.3 მლნ აშშ დოლარი (101.2 მლნ ლარი) გადაიგზავნა, რაც 2024 წლის ივლისის (33.5 მლნ აშშ დოლარი) ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 11.4%-ით მეტია“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.