დავით სონღულაშვილი: „ეროვნული სატყეო სააგენტოსთვის სამცხე-ჯავახეთის რეგიონში ტყის მოვლისა და აღდგენის ღონისძიებების მასშტაბების ზრდა პირველი რიგის პრიორიტეტია“

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი, სამცხე-ჯავახეთში სახელმწიფო რწმუნებულ ზაალ გელაშვილთან ერთად, სატყეო სამსახურის თანამშრომლებს შეხვდა და მათ სამუშაო პირობებს გაეცნო.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, სამცხე-ჯავახეთის სატყეო სამსახურში დასაქმებულია 111 თანამშრომელი, მათ შორის 17 მეტყევე და 58 ტყის მცველია. რეაბილიტირებული ოფისი, რეგიონის 6 მუნიციპალიტეტის მოსახლეობას ემსახურება.

„სამცხე-ჯავახეთის რეგიონში, ბოლო წლების განმავლობაში ტყეები მნიშვნელოვნად დააზიანა ტყის ხანძრებმა; ასევე გამოწვევა იყო მავნებელ-დაავადებები. შესაბამისად, ეროვნული სატყეო სააგენტოსთვის რეგიონში ტყის მოვლისა და აღდგენის ღონისძიებების მასშტაბების ზრდა პირველი რიგის პრიორიტეტს წარმოადგენს და სამუშაოები ინტენსიურად ხორციელდება“, – განაცხადა დავით სონღულაშვილმა.

დღეისათვის, რეგიონში ტყის აღდგენის ღონისძიებები 629,7 ჰა-ზე მიმდინარეობს. მიმდინარე წელს აღდგენა დამატებით 190,1 ჰა-ზე განხორციელდება.

დავით სონღულაშვილთან ერთად იმყოფებოდნენ მინისტრის მოადგილე კახა კაკაბაძე, ახალციხის, ადიგენის, ბორჯომისა და ასპინძის დელეგატი დეპუტატი საქართველოს პარლამენტში ანტონ ობოლაშვილი, ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით ლომიძე და ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსი კახა ცერცვაძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები