ხათუნა ხოფერია: ბარამიძეს ბუსას მუშტი დიდხანს ემახსოვრება

ბუსას საქციელს აბსოლუტურად ვამართლებ, – ასე გამოეხმაურა ზურაბ ჟვანის მეგობარი, ყოფილი პარლამენტარი ხათუნა ხოფერია გასულ კვირას მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც ბათუმში ზურაბ ჟვანიას უფროსი ვაჟიშვილი, ბესარიონ (ბუსა) ჟვანია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრს, გიორგი ბარამიძეს ფიზიკურად დაუპირისპირდა.

როგორც ხათუნა ხოფერიამ გაზეთ “კვირის პალიტრასთან” საუბრისას განაცხადა, გიორგი ბარამიძეს ზურაბ ჟვანიას ოჯახის მიმართ ყურადღება არასდროს გამოუმჟღავნებია.

“ამ ინფორმაციის გავრცელებისთანავე ზურას ოჯახს დავუკავშირდი, თუმცა, რადგან მათ ამ ინციდენტზე ღიად საუბარი არ სურთ, მეც თავს შევიკავებ. ვინმესთვის ფიზიკურად გასწორება სიამოვნებას არ მანიჭებს, თუმცა მოთმინებასაც საზღვარი აქვს!

ბარამიძეს ზურას ოჯახთან ურთიერთობა წლების განმავლობაში არ ჰქონია, არადა, ზურა მისი უახლოესი მეგობარი და ხელის გამმართავი იყო, ნებისმიერ რთულ სიტუაციაში ბარამიძის გვერდით იდგა. ზურას ასეთ დამოკიდებულებას ბარამიძემ ხაზი გადაუსვა, მის ოჯახთან მისასვლელი პირი აღარ ჰქონდა.

ბუსა 10 წლის იყო, როდესაც ზურა დაიღუპა და მას შემდეგ, ბარამიძე ბავშვთან დასალაპარაკებლად არასოდეს მისულა. ახლა კი, როდესაც ბუსა უკვე თავმოყვარე ვაჟკაცია და ცდილობ, მამამისთან მეგობრობაზე რაღაცები დაუმტკიცო, სხვა რეაქციას რატომ ელოდები?

თუ ზურას სულთან თავს დამნაშავედ გრძნობ და შეცდომის გამოსწორების სურვილი გაქვს, ოჯახში რატომ არ მიდიხარ და თავის მართლებას ქუჩაში რატომ იწყებ? თანაც ზურას ერთადერთ ვაჟთან მაინც იმას ამტკიცებ, მართალი ვარო. ასე მოქცევა მხოლოდ ბარამიძეს შეეძლო. ასეთ დროს ნებისმიერი თავმოყვარე ახალგაზრდა ბუსას მსგავსად მოიქცეოდა. მის საქციელს აბსოლუტურად ვამართლებ.

ბუსასთვის ღირსება მამამისის ხსოვნის დაცვაა და ეს ბარამიძეს კარგად უნდა სცოდნოდა! ის იმდენად ვაჟკაცი ახალგაზრდაა, რომ არა მხოლოდ მამის ხსოვნა დაიცვა, ბარამიძეს განაჩენი გამოუტანა და გაასამართლა! დარწმუნებული ვარ, ბარამიძეს ბუსას მუშტი დიდხანს ემახსოვრება. ყოჩაღ, ბუსას ვაჟკაცობას”,- განაცხადა ხათუნა ხოფერიამ.

აღსანიშნავია, რომ გავრცელებულ ინფორმაციას დაპირისპირებულთა არც ერთი მხარე არ ადასტურებს.

უფრო მეტიც, პარლამენტარი გიორგი ბარამიძე აცხადებს, რომ ზურაბ ჟვანიას ოჯახის არცერთ წევრთან დაპირისპირება არასდროს ჰქონია.

“ზურას ოჯახის წევრებთან დაპირისპირება არასდროს მქონია და არც მექნება”, – განაცხადა გიორგი ბარამიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები