მედია: რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო საზღვარგარეთ გასვლის ვიზების შესაძლო აღდგენაზე მუშაობს
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო კანონპროექტზე მუშაობს, რომელიც საზღვარგარეთ გამგზავრებისთვის საბჭოთა პერიოდის გასვლის ვიზების პრაქტიკის აღდგენას ითვალისწინებს. ამის შესახებ ინფორმაცია ტელეგრამ არხებზე, რუსეთის დიპლომატიურ წრეებსა და პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან დაახლოებულ წყაროებზე დაყრდნობით ვრცელდება.
გავრცელებული ცნობით, ინიციატივა მოქალაქეთა „უსაფრთხოების უზრუნველყოფის“ მოტივით განიხილება.
წყაროების მტკიცებით, გასვლის ვიზების მექანიზმი, სავარაუდოდ, იმ ქვეყნებში გამგზავრებას შეეხება, რომლებსაც მოსკოვი „არამეგობრულ სახელმწიფოებად“ მიიჩნევს.
თუმცა, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გავრცელებული ინფორმაცია უარყო. უწყების ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ, მედიაში გავრცელებულ ცნობას „სისულელე“ უწოდა და განაცხადა, რომ მსგავსი ინიციატივა არ განიხილება.
ამ დროისთვის კანონპროექტი საჯაროდ არ გამოქვეყნებულა და გასვლის ვიზების აღდგენის შესახებ ოფიციალური გადაწყვეტილება მიღებული არ არის.