კრიზისების საბჭომ სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებებზე ბოლო მონაცემები წარმოადგინა

სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივნის მოადგილის გიორგი ღიბრაძის განაცხადებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ და მერიის შესაბამისმა სამსახურმა, მოხალისე მონადირეთა ჯგუფებთან ერთად, შეამოწმეს კუს ტბის, ეთნოგრაფიული მუზეუმისა და სვანიძის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიები. მტაცებელი არსად დაფიქსირდა. მისი თქმით, შესაბამისი სამსახურები, მონადირეთა ჯგუფებთან ერთად, ცხოველთა ძებნას კვლავ განაგრძობენ. სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭო მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებს. რაც შეეხება მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ამბაროვკაში მტკვრის მიერ ზოლებიანი აფთრის გამორიყვის თაობაზე გავრცელებულ ინფორმაციას, ღიბრაძის თქმით, ამ მომენტში ამ ადგილისკენ მიემართებიან ზოოპარკის და შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები, რათა ცხოველის იდენტიფიცირება მოხდეს.

ღიბრაძის ინფორმაციით, სულ 112-ში გარეულ ცხოველთა ამა თუ იმ ადგილზე დაფიქსირების თაობაზე ამ დროისთვის 72 ზარი შევიდა. ყველა მათგანზე მოხდა რეაგირება, თუმცა არც ერთი არ დადასტურდა. მისი თქმით, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მონაცემებით, დღეის მდგომარეობით (19 ივნისის 14:30 საათის მონაცემებით), ტეტანუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 948 ბენეფიციარს ჩაუტარდა. “იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოში „მზიურის“ ტერიტორიიდან შეყვანილია ერთი მოხალისე, თავის ზედაპირული ტრავმის დიაგნოზით, ამ ეტაპზე ზუსტდება დიაგნოზი, უტარდება კვლევები”, – აღნიშნა ღიბრაძემ.
როგორც სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივნის მოადგილემ განაცხადა, სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს ვეტერინარებმა, ბიოსაფრთხის რისკის შემცირების მიზნით, ზოოპარკის შესასვლელთან სადეზინფექციო ბარიერი მოაწყვეს. ღონისძიება პრევენციულ ხასიათს ატარებს. ზოოპარკის ტერიტორიიდან გამომავალი ავტომობილების საბურავები სპეციალური ხსნარით მუშავდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები