საქართველოში ვეტერინარიის მსოფლიო დღე აღინიშნა

სურსათის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით, საქართველოში ვეტერინარიის მსოფლიო დღე აღინიშნა.

როგორც “კვირას“ სურსათის ეროვნული სააგენტოდან აცნობეს, წლევანდელი ღონისძიების მთავარი გზავნილი ზოონოზური პოტენციალის მატარებელი ვექტორული დაავადებების (ცხოველისა და ადამიანისათვის საშიში დაავადებები, რომლებიც მკბენარებს გადააქვთ) პრევენციაა.
ვაკის პარკში, ღია ცის ქვეშ მოწყობილ სივრცეში სურსათის ეროვნული სააგენტოს ვეტერინარებმა ძაღლებსა და კატებს ცოფის საწინააღმდეგო უფასო ვაქცინაცია ჩაუტარეს. ვაქცინაციის პროცესში სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, აქტიურად იყვნენ ჩართული აგრარული უნივერსიტეტის ვეტერინარიის ფაკულტეტის სტუდენტები. ღონისძიებას ესწრებოდნენ სურსათის ეროვნული სააგენტოს, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ასოციაციების წარმომადგენლები.
ვეტერინარიის მსოფლიო დღე ვეტერინართა მსოფლიო ასოციაციის ინიციატივით 2000 წელს დაარსდა და ყოველწლიურად აპრილის ბოლო კვირა დღეს აღინიშნება. ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვის მიზნით, ორგანიზაცია ყოველწლიურად ირჩევს გზავნილს. 2015 წლის გზავნილის – ვექტორული დაავადებების საწინააღმდეგო სამი ძირითადი რეკომენდაციაა: ცხოველის აცრა და პარაზიტებისგან გაწმენდა-დამუშავება; ცხოველთა სადგომების დამუშავება სპეციალური პრეპარატებით; კარ-ფანჯარაზე მწერებისგან დამცავი ბადეების გამოყენება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები