ოკუპირებულ აფხაზეთში აკრიტიკებენ შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც, რუსულ კომპანიებს საინვესტიციო პროექტების განხორციელება შეეძლებათ
30 ოქტომბერს, მოსკოვში ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ეკონომიკის მინისტრმა ქრისტინა ოზგანმა და რუსეთის ეკონომიკური განვითარების მინისტრმა, მაქსიმ რეშეტნიკოვმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას, ოკუპირებულ აფხაზეთში რუსული ინვესტიციების გარანტიის შესახებ.
როგორც მედია წერს, ეს სრულიად მოულოდნელი იყო, რადგან შეთანხმების პროექტი ჯერ კიდევ განიხილება ე.წ. პარლამენტში და დე ფაქტო მთავრობა არ არის უფლებამოსილი, ე.წ. პარლამენტის დამტკიცების გარეშე მსგავს დოკუმენტს ხელი მოაწეროს.
ოკუპირებულ აფხაზეთში რუსული ინვესტიციების გარანტიების შესახებ შეთანხმების პროექტი ე.წ. პარლამენტს წარედგინა 2024 წლის ზაფხულში და მაშინვე მოჰყვა მწვავე კრიტიკა ე.წ. ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების მხრიდან რუსი ინვესტორებისთვის შეთავაზებული უპრეცედენტო დათმობების გამო.
ე.წ. სამოქალაქო ორგანიზაციები განცხადებას ავრცელებენ ოკუპირებულ აფხაზეთში საინვესტიციო საქმიანობის ხელშეკრულების გაფორმებასთან დაკავშირებით:
“ქრისტინა ოზგანის მიერ რუსეთის ფედერაციის მთავრობასა და აფხაზეთის რესპუბლიკას შორის შეთანხმების ხელმოწერა განიხილება, როგორც ცინიკური დარტყმა პრეზიდენტის ასლან ბჟანიას მიერ ჩვენს ქვეყანაში მყიფე პოლიტიკური ვითარების წინააღმდეგ და როგორც აფხაზი ხალხის ღალატი, რომლის ინტერესებიც მას უნდა დაეცვა.
აფხაზეთის მოქალაქეებმა უნდა იცოდნენ, რომ ბჟანიას მიზანია, მოახლოებული საპრეზიდენტო არჩევნების ჩაშლა, რადგან მისი სამართლიანად გამარჯვება შეუძლებელია. მან გადაწყვიტა ჩვენი ძმების, დების და თანამემამულეების სისხლითა და მძიმე განსაცდელებით მოპოვებული აფხაზური სახელმწიფო ერის მოქალაქეების ხარჯზე გადასცეს თავის ოლიგარქ მეგობრებს.
ბჟანიას არასოდეს გამოუჩენია ზრუნვა ჩვენი ხალხის მიმართ, არც ომის დროს და არც ბლოკადის დროს.
მოვლენების მომავალ განვითარებაზე მთელი პასუხისმგებლობა ეკისრება მხოლოდ ასლან ბჟანიას”, – ნათქვამია განცხადებაში.
ამ ხელმოწერის შემდეგ, ე.წ. ოპოზიციის წარმომადგენელმა, ადგურ არძინბამ გააკრიტიკა შეთანხმება და განაცხადა, რომ ხელისუფლება აპირებს, ზეწოლა მოახდინოს პარლამენტზე რატიფიკაციისთვის.
“ეს შეთანხმება, რომელიც გამოწვეულია შერჩეული პირების მოგების მოტივით, საფრთხეს უქმნის ადგილობრივ ბიზნესს და აფხაზეთის საბანკო სისტემას. ის ემსახურება ყველას, გარდა ერისა და მისი ხალხისა“, – განაცხადა არძინბამ.