სამხრეთ-აღმოსავლეთ ესპანეთში წყალდიდობით გამოწვეული მსხვერპლის რაოდენობა 63-მდე გაიზარდა – განახლებულ ინფორმაციას ადგილობრივი მედია პოლიციაზე დაყრდნობით ავრცელებს.
კოკისპირულმა წვიმებმა, რომლებიც ცივი ჰაერის მასების გადაადგილებითაა გამოწვეული, ესპანეთის ქალაქებისა და სოფლების დატბორვა სამშაბათიდან დაიწყო.
როგორც მედია იუწყება, ყველაზე მეტად ვალენსიის რეგიონი დაზარალდა, განსაკუთრებით დაიტბორა ქალაქები ტურისი, უტიელი, მურსიასა, მალაგაში, კუენკაში. სტიქიისგან განადგურებულ რაიონებში, წყალმოვარდნის შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობა თანდათან იმატებს.
ჩქაროსნული მატარებელი, რომლის ბორტზე თითქმის 300 ადამიანი იმყოფებოდა, რელსებიდან გადავიდა მალაგასთან, თუმცა, სარკინიგზო ხელმძღვანელობის თქმით, არავინ დაშავებულა. ასევე, შეწყდა მატარებლის მიმოსვლა ქალაქ ვალენსიასა და მადრიდს შორის.
სტიქიით დაზარალებულ რეგიონებში დაკეტილია სკოლები და სხვა აუცილებელი დანიშნულების დაწესებულებები.
ესპანეთის ამინდის სახელმწიფო სააგენტომ რეგიონის მასშტაბით წითელი განგაში გამოაცხადა. მათი ინფორმაციით, აღმოსავლეთ ვალენსიის ნაწილში 200 მმ ნალექის მოსვლას ვარაუდობენ.
ესპანეთის ცენტრალურმა მთავრობამ შექმნა კრიზისული კომიტეტი, რომელიც დაეხმარება სამაშველო სამუშაოების კოორდინაციას.
ვალენსიის რეგიონალურმა ლიდერმა, კარლოს მაზონმა განაცხადა, რომ ზოგი ადამიანი მიუწვდომელ ადგილებში დარჩა. პოლიცია და სამაშველო სამსახურები ადამიანების სახლებიდან და მანქანებიდან უსაფრთხო ადგილას გამოსაყვანად ვერტმფრენებს იყენებენ.