„ფედრა ევრიპიდედან რასინამდე, სენეკადან სარა კეინამდე“ – წიგნის წარდგენა და ავტორთან შეხვედრა გაიმართება

4 ნოემბერს, 16:00 საათზე, დიმიტრი ალექსიძის სახელობის თეატრის სცენაზე გაიმართება ოქტავიან საიუს წიგნის – „ფედრა ევრიპიდედან რასინამდე, სენეკადან სარა კეინამდე“ – წარდგენა და ავტორთან შეხვედრა.
შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ინფორმაციით, ფრანგულიდან თარგმნა მანანა ბოსტოღანაშვილმა; რედაქტორები: მარინე (მაკა) ვასაძე, ანა კვინიკაძე; კომპიუტერული უზრუნველყოფა: ეკატერინე ოქროპირიძე; კორექტორი: მანანა სანადირაძე; საგამომცემლო პროექტის ავტორი: ანა კვინიკაძე.
რა აქცევს ფედრას – ძველი საბერძნეთის თეატრში დაბადებულ დრამატულ პერსონაჟს, არქაული პათოსითა და უკონტროლო ეროტიკით, განწირულსა და დატანჯულს დემონური, თვითგამანადგურებელი და საძრახისი სურვილებით – ჩვენს თანამედროვედ? რა ეხმარება მუდმივი მომხიბვლელობის შენარჩუნებაში? რომელი თვისებები აქცევს მას წადილისა და სოციალური ნორმების შეუსაბამობის სიმბოლოდ? ეს არის წიგნი ფედრაზე – თანამედროვე პერსონაჟზე, კვლევა, რომელიც დაგეხმარებათ, გაუგოთ და გააცნობიეროთ მისი ხასიათის თვისებრივი კომპლექსურობა…
ოქტავიან საიუ არის რუმინელი თეატრის მკვლევარი და საერთაშორისო კულტურული ურთიერთობების სპეციალისტი, თეატროლოგიის დოქტორი. დოქტორი საიუ ჰონკონგის მეტროპოლიტენის უნივერსიტეტსა და სიბიუს უნივერსიტეტის სადოქტორო სკოლაში უწყვეტად ეწევა პედაგოგიურ საქმიანობას. იყო ლონდონის უნივერსიტეტის უმაღლესი განათლების სკოლის სტიპენდიატი; ამჟამად ტოკიოს, ჰონკონგის, პეკინისა და ლისაბონის უნივერსიტეტების მოწვეული პროფესორია; ატარებს ლექციებსა და მასტერკლასებს ევროპის, აფრიკის, აზიისა და ახლო აღმოსავლეთის სხვადასხვა უნივერსიტეტში, ასევე გროტოვსკის ინსტიტუტში. ოქტავიან საიუ თეატრთან დაკავშირებული თოთხმეტი წიგნის ავტორია.
წიგნი გამოსცა შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა „კენტავრმა“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები