კულტურის მინისტრმა მირზა ფათალი ახუნდოვის სახელობის აზერბაიჯანული კულტურის მუზეუმი მოინახულა

საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრმა თინათინ რუხაძემ მირზა ფათალი ახუნდოვის სახელობის აზერბაიჯანული კულტურის მუზეუმი მოინახულა. მინისტრმა მუზეუმის დირექტორ ლეილა ალიევასთან და თანამშრომლებთან ერთად დაათვალიერა შენობა, გაეცნო საჭიროებებს და მუზეუმს სამინისტროს მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაუდასტურა.
მირზა ფათალი ახუნდოვის სახელობის აზერბაიჯანული კულტურის მუზეუმი წარმოადგენს კულტურულ ხიდს საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის. 1982 წელს დიდი აზერბაიჯანელი დრამატურგის, საზოგადო მოღვაწისა და მწერლის მუზეუმი მის 170-ე წლისთავთან დაკავშირებით თბილისში სწორედ იმ შენობაში გაიხსნა, რომელშიც მირზა ახუნდოვი ცხოვრობდა.
მირზა ახუნდოვის ცხოვრება მჭიდროდაა დაკავშირებული საქართველოსთან. 1834 წლიდან ახუნდოვი საცხოვრებლად სამუდამოდ გადმოვიდა თბილისში და მუშაობა მეფისნაცვლის კანცელარიაში დაიწყო აღმოსავლური ენებიდან მთარგმნელის თანამდებობაზე. პარალელურად პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა თბილისის სამაზრო სასწავლებელში, ასწავლიდა თურქულ და სპარსულ ენებს. ახუნდოვის მოღვაწეობამ დიდი როლი შეასრულა აზერბაიჯანული და ახლო აღმოსავლეთის ლიტერატურისა და საზოგადოებრივი აზრის განვითარებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები