გურამ მაჭარაშვილი – ოპოზიციაზე: გეგმას როგორ იტყვიან, რა უნდა გააკეთონ, როცა მტკიცებულებები არ არის
“ხალხის ძალის” წევრი გურამ მაჭარაშვილი ოპოზიციის გუშინდელ განცხადებას ეხმაურება.
მაჭარაშვილის თქმით, არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით მტკიცებულებები ბუნებაში არ არსებობს, შესაბამისად, მტკიცებულებები ოპოზიციას ვერ ექნება.
„დათესა ზიზღი, სამშობლოს სიყვარულის გაქრობა, ომის პროპაგანდა და ახლა ზუსტად ამას იმკის. ვერც გეგმა რომ ვერ წარადგინეს და ისიც კი ვერ თქვეს, ვინ იტყვის ამ გეგმას, იმისი მტკიცებულებაა, რომ ვერავის ვერავითარი გეგმა ვერ ექნება, რადგან გაყალბებასთან დაკავშირებით მტკიცებულებები ბუნებაში არ არსებობს. ახლა გამოდის, რომ ოპოზიცია ეძებს შავ კატას ბნელ ოთახში, რომელიც იქ არ არის. მტკიცებულებები, რეალურად, არ არის. ეს კარგად დაინახეს უცხოეთშიც. მილერმა მოუწოდა ზურაბიშვილს, ბორელმა ოპოზიციას და ზურაბიშვილს, გვათქმევინეთ, რომ არჩევნები გაყალბდა, პროკურატურაში მიბრძანდით და მტკიცებულებები წარადგინეთო. ესენი ამბობენ, მაგდენი არ გვიმეცადინია და მტკიცებულებები არ გვაქვსო. ესაა რეალური სახე.
გეგმას როგორ იტყვიან, რა უნდა გააკეთონ, როცა მტკიცებულებები არ არის. ვისაც იმედი ჰქონდა, რომ ორშაბათს მაინც გაიგებდა რამე გეგმას, ზურა ჯაფარიძემ მათაც ცივი წყალი გადაასხა და თქვა, რომ ორშაბათს რაღაცას იტყვიან, თუმცა არაფერი ისეთი არ იქნება, ყოველდღიური გეგმა არ იქნება წარდგენილიო. ვინ გეტყვით, ეგეც არ ვიცითო. შესაბამისად, იქნება გეგმა, რომ ერთ-ორ წელიწადში რაღაცას იტყვიან და შემდეგ 2028 წლისთვის მომზადებას დაიწყებენ, თუ მანამდე იარსებებენ. იმედია, აღარ იარსებებენ, რადგან უნდა გასამართლდნენ“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.
ცნობისთვის, ოპოზიციური პარტიები 4 ნოემბერს, 19:00 საათზე, რუსთაველის გამზირზე აქციას გამართავენ. შესაბამისი განცხადება „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ანა დოლიძემ ოპოზიციონერ ლიდერებთან ერთობლივ, საგანგებო პრესკონფერენციაზე გააკეთა. მათი თქმით, სწორედ აქციაზე გახდება ცნობილი ოპოზიციის სამოქმედო გეგმაც.