რუსეთის თავდაცვის სამინისტრო: ღამის განმავლობაში, უკრაინული დრონებით მასირებული შეტევა განხორციელდა

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ 1-ელ ნოემბერს გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, ღამის განმავლობაში ზოგიერთ რეგიონზე უპილოტო საფრენი აპარატებით მასირებული შეტევა იყო.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გაანადგურეს 83 უკრაინული დრონი, მათგან 36 – კურსკის ოლქში, 20 – ბრიანსკში, 12 – ყირიმში, 8 – ვორონეჟის ოლქში, 4 – ორიოლში და 3 – ბელგოროდის ოლქში.

ამასთან, რუსეთის მხრიდან უპილოტო საფრენი აპარატებით მორიგი შეტევის გამო, უკრაინაში საჰაერო განგაში გამოცხადდა.

მანამდე, გასულ ღამით, რუსეთის ჯარებმა რაკეტებით, დრონებით და ავიაბომბებით დაარტყეს ოდესის, პოლტავის და ხარკოვის ოლქებს.

ოდესის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ინფორმაციით, სარაკეტო შეტევის სამიზნე იყო ქალაქ ოდესის სახანძრო სამსახურის ერთ-ერთი ნაწილი, სადაც ორი მაშველი დაიჭრა.

პოლტავის ოლქზე დრონებით შეტევის შედეგად დაზიანებულია, სულ მცირე, სამი სახლი. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, მაშველებმა ცეცხლმოკიდებულ სახლში მყოფი ორი ადამიანი გადაარჩინეს.

ხარკოვის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ცნობით, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა მართვადი ავიაბომბებით დაარტყეს ქალაქ ხარკოვის შემოგარენს და ქალაქ დერგაჩის ერთ-ერთ საწარმოს. დაშავდა ხუთი ადამიანი.

რუსეთის ჯარები ზედიზედ რამდენიმე დღეა უტევენ ქალაქ ხარკოვს. 31 ოქტომბერს მართვადი საავიაციო ბომბის აფეთქების შედეგად დაინგრა 9-სართულიანი სახლის ერთი სადარბაზო. დაიღუპა სამი ადამიანი, მათ შორის ორი მოზარდი და დაშავდა 36 ადამიანი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები