„შავფაროსნებმა“ რომის ფესტივალის საუკეთესო მონაწილის სტატუსი მოიპოვეს
„შავფაროსნებმა“ ევროპაში ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ და მასშტაბურ ფესტივალზე „Natale di Roma“ ევროპის 30-მდე ქვეყნის წარმომადგენელს შორის საუკეთესო მონაწილის სტატუსი მოიპოვეს.
ისინი ფესტივალზე საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით გაემგზავრნენ.
ხვალ, „შავფაროსნები“ და ანსამბლი „ჩვენებურები“ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრთან მიხეილ გიორგაძესთან ერთად რომის ფესტივალზე მიღწეულ წარმატებასთან დაკავშირებით პრესკონფერენციაზე ისაუბრებენ.
საქართველოს სახელით, რომის ფესტივალზე ქართული კულტურის რამდენიმე მიმართულება, ქართული საბრძოლო ხელოვნების ფედერაცია „შავფაროსნებმა” და ანსამბლმა ”ჩვენებურებმა” წარადგინეს. ქართველების გამოსვლამ „Natale di Roma“-ს ასეულ ათასობით მაყურებლის დიდი მოწონება დაიმსახურა და უცხოური მედიის ინტერესის ობიექტიც გახდა. ევროპის უძველესი დედაქალაქის რომის დაარსებისადმი მიძღვნილი ფესტივალის სანახავად ტურისტები იტალიაში მთელი მსოფლიოდან ჩადიან, რადგან ამ დღეს რომში ევროპის ანტიკური ისტორია ცოცხლდება. ფესტივალის ფარგლებში რომის ისტორიულ ქუჩები იკეტება და ოთხ კილომეტრიანი კოსტიუმირებული აღლუმი იმართება. აღლუმზე, რომელსაც მაყურებლის უწყვეტი ნაკადი მიუყვება, ყველა ქვეყანა საკუთარ კულტურას და საბრძოლო ისტორიას წარადგენს.
მსვლელობის დროს ყველაზე დიდი ოვაციებითა და აპლოდისმენტებით მაყურებელი სწორედ ”შავფაროსნების” გამოსვლას შეხვდა. ჩირკო მასიმოს მოედანზე კი, სადაც Natale di Roma-ს ფინალური ნაწილი იმართება , ანსამბლ ”ჩვენებურების” შესრულებული ქართული სიმღერის ფონზე, შავფაროსნების საბრძოლო შოუმ არათუ მხოლოდ მაყურებელი, ფესტივალის ორგანიზატორებიც აღაფრთოვანა. მათი გადაწყვეტილებით, საქართველომ Natale di Roma-ს საუკეთესო მონაწილის სტატუსი მიიღო. რომში წარმატებული გამოსვლის შედეგად ”შავფაროსნებმა” ბულგარეთიდან და ევროპის კიდევ რამდენიმე ქვეყნიდან მიწვევაც მიიღეს.
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსთან ერთად, პროექტის მხარდამჭერია თბილისის მერია.