„აფხაზეთს და სამხრეთ ოსეთს რამდენიმე პოლიტიკური კოზირი აქვს“
დე ფაქტო აფხაზეთს და სამხრეთ ოსეთს აქვს რამდენიმე კოზირი, რომელთა სწორი გამოყენების შემთხვევაში სიტუაცია „რესპუბლიკების“ შიგნით და საგარეო პოლიტიკის კუთხით უკეთესობისკენ შეიცვლება. ამ თემაზე ანალიტიკური მასალა ერთ-ერთ ოსურ საინფორმაციო სააგენტოში გავრცელდა. ანალიტიკური სტატია საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებებს მოჰყვა, რომელთა თანახმად, საქართველო დე ფაქტო აფხაზეთს და სამხრეთ ოსეთს ქვეყნის შემადგენლობაში ავტონომიებს სთავაზობს.
„საქართველოში წამყვან სოციალურ ჯგუფებს ერთმანეთთან ბრძოლა შეუძლიათ შიდა და საგარეო მთელ რიგ საკითხზე, თუმცა ამ კუთხით (დაკარგული ტერიტორიების დაბრუნება) მათი ერთიანობა აბსოლუტურია… განსახილველი პრობლემატიკის მეორე ასპექტი ისაა, რომ მთელი ქართული პოლიტიკური ელიტის განათლება – ასპროცენტიანად ამერიკანიზებულია. სააკაშვილის დრო უაზროდ არ გასულა და დღეს აშშ-ს ხელმძღვანელობით ნავთობსადენი „ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის“ მშენებლობისგან მიღებული საბიუჯეტო შემოსავლები, როგორც ქართულ სახელმწიფო სექტორში ამერიკული პირდაპირი შემოდინებები, ქართული ფინანსების მთელი სტრუქტურისთვის სისტემის შემქმნელია. როგორც ამბობენ, ვინც იხდის, ის მუსიკას უკვეთავს“. სტატიის ავტორის განმარტებით, დე ფაქტო აფხაზეთს და სამხრეთ ოსეთს რამდენიმე პოლიტიკური კოზირი აქვს. 1. თანამედროვე სამყაროში უნიკალური მდგომარეობის არსებობა. დღესდღეობით დედამიწაზე ათამდე არაღიარებული სახელმწიფო არსებობს. ყოველი მათგანი სერიოზული ელიტური მსოფლიო მოთამაშის გამძაფრებული ყურადღების ზონაში იმყოფება. მაგალითად, პროცესები, რომლებიც სამხრეთ ოსეთში და აფხაზეთში მიმდინარეობს, სერიოზულად აწუხებს ჩინეთს და ტაივანს, რადგან ადგილობრივი კონიუნქტურის ნებისმიერი მსხვილი ცვლილება აზიური მოთამაშეებისთვის სერიოზულ გეოპოლიტიკურ პრეცედენტს ქმნის, რომელიც ყოველმა მხარემ შეიძლება გამოიყენოს თავის სასარგებლოდ. თანამედროვე სამყაროს რეალური „ინტერესების რუკის“ შესწავლის შემდეგ ორივე „რესპუბლიკას“ საკუთარ სტრატეგიულ საქმეებში დამატებითი მოკავშირეების შეძენა შეეძლო. 2. დე ფაქტო აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი – მრავალეროვნული რუსული ცივილიზაციის რუკაზე უნიკალური წერტილებია. ისინი რუსეთის ეროვნული უსაფრთხოების და გეოსტრატეგიის სისტემაში, მისი სულიერი და იდეურ-აზრობრივი კოორდინატების სამყაროში სრულიად განსაკუთრებულ, შეუფასებელ ადგილს იკავებენ. რუსეთის მტერი ყოველთვის ძლიერი აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის მტერი იქნება. შესაბამისი ქმედებების პროგრამის დამუშავებით, „რესპუბლიკები“რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში შესვლას შეძლებენ. ჩვენი აზრით, სწორედ ეს იქნება მათთვის ერთადერთი შანსი იმისა, რომ გადარჩნენ გრძელვადიან პერსპექტივაში. 3. სოციოკულტურული კოდების სისტემის არსებობა, რომელმაც აფხაზებს და ოსებს სასიკვდილო მტრის დამარცხების საშუალება მისცა. „სამწუხაროა, რომ ამ აქტუალური ამოცანების შესრულების ნაცვლად, ორივე რესპუბლიკის ელიტის დიდმა ნაწილმა „საკუთარ სამყაროში“ ცხოვრება არჩია. გეოპოლიტიკური მოწინააღმდეგე კი, რომელიც მოცემულ მომენტში ამერიკულ-ქართული ზედა ფენების გაერთიანებას წარმოადგენს, მოქმედებს ჭკვიანურად და თანამიმდევრულად. სტატიაში ნათქვამია, რომ ეს გაერთიანება იმ მომენტს ელოდება, როდესაც „რესპუბლიკებში“ სიტუაციის გაუარესება კრიტიკულ მომენტამდე მივა და იქ ცხოვრება შეუძლებლად ჩაითვლება. სწორედ მაშინ უნდა ჩაირთოს ინსტრუმენტების და ტექნოლოგიების ნაზავი „რესპუბლიკების“ დასაბრუნებლად. აფხაზეთთან, რიგი ადგილობრივი მიზეზების გამო, ამის გაკეთება ცოტა რთული იქნება, სამხრეთ ოსეთთან დაკავშირებით კი მზა სცენარი უკვე ფორმირებულია და ნაბიჯ – ნაბიჯ ხორციელდება. სტატიის ბოლოს ავტორი მოქალაქეებს მიმართავს – „მოქალაქეებო, მამული საფრთხეშია! დროა ვიმოქმედოთ! წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ ყველაფერს დავკარგავთ, რისთვისაც ასე ვომობდით გრძელი 20 წლის განმავლობაში“.