აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ განაცხადა, რომ აშშ-ის ოფიციალური პირები შეეცდებიან დაარწმუნონ ჩინეთი, ირანის კონფლიქტის მოგვარებაში უფრო „აქტიური როლი“ იკისროს.
რუბიომ განმარტა, რომ აშშ-მა პეკინს წარუდგინა თავისი არგუმენტები იმის შესახებ, თუ რატომ უნდა ჩაერთოს ის ირანთან არსებული მზარდი დაძაბულობის მოგვარების ძალისხმევაში.
„ამ საკითხის მოგვარება მათ ინტერესებშია, ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ დავარწმუნებთ მათ, უფრო აქტიური როლი ითამაშონ იმაში, რომ ირანმა უარი თქვას იმ ქმედებებზე, რასაც ახლა სპარსეთის ყურეში სჩადის ან გეგმავს. ჩვენ წარვუდგინეთ ჩვენი არგუმენტები ჩინურ მხარეს და იმედი მაქვს, ისინი დამაჯერებელია. მათ ექნებათ შესაძლებლობა, ამასთან დაკავშირებით კონკრეტული ნაბიჯები გადადგან გაერო-ში ამ კვირის ბოლოს“, – აღნიშნა სახელმწიფო მდივანმა.
რუბიოს არგუმენტით, ირანთან მიმართებით ამერიკის მხარდაჭერა პეკინის საუკეთესო ინტერესებს შეესაბამება.