“ხელისუფლების დამხობის მცდელობამდე რამდენიმე დღით ადრე, ევროკავშირის ელჩმა, შარშანდელი არჩევნების შემდეგ, ძალადობის ერთ-ერთ ორგანიზატორს, ზვიად ცეცხლაძეს ციხეში მხარდამჭერი წერილი მისწერა” – პაპუაშვილი
“გუშინ შევიტყეთ, რომ ხელისუფლების დამხობის მცდელობამდე რამდენიმე დღით ადრე, ევროკავშირის ელჩმა შარშანდელი არჩევნების შემდეგ, ძალადობის ერთ-ერთ ორგანიზატორს, ზვიად ცეცხლაძეს ციხეში მხარდამჭერი წერილი მისწერა”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
როგორც პაპუაშვილი ამბობს, ბრიუსელის მიერ არჩეული ანტიქართული გზა ტერორისტების მხარდაჭერამდე რომ მივიდოდა, ეს დიდი ხნის წინ იყო აშკარა.
“ქვემოთ მოცემულ ვიდეოში, რომელიც საჯაროც გახდა და სისხლის სამართალის საქმის ნაწილი იყო, კარგად ჩანს, რომ ცეცხლაძე, რომელთანაც, როგორც აღმოჩნდა, ევროკავშირის ელჩს მიმოწერა აქვს, ცივსისხლიანად გეგმავს ქუჩის ომს – „გავიხსენოთ მაიდანი“, „დავამზადეთ ფარები“, „მოვაწყოთ ბარიკადები“, „გავჭიმოთ მავთულხლართები“,„დავყაროთ ლურსმნები“, „შეიძინეთ პიროტექნიკა“.
წინა პოსტში დავწერე დიპლომატთა მისიაზე, კედლების ნაცვლად ხიდები რომ უნდა აშენონ. აღმოჩნდა, რომ ზოგიერთს ორივე შეძლებია, უბრალოდ კედელს ქართველ ხალხს უშენებენ, ხოლო ხიდს – ტერორისტებსა და მოძალადეებს.
ბრიუსელის მიერ არჩეული ანტიქართული გზა ტერორისტების მხარდაჭერამდე რომ მივიდოდა, ეს დიდი ხნის წინ იყო აშკარა.
ჩვენც ამ რეალობას თვალი უნდა გავუსწოროთ”, – წერს პაპუაშვილი.