„ზურაბ კიკნაძე – საიუბილეო კრებული” – გამოცემის წარდგენა გაიმართება

22 მაისს, 18 საათზე, „კავკასიური სახლის” იორგ ჰენლეს სახელობის აუდიტორიაში გაიმართება – „ზურაბ კიკნაძის – საიუბილეო კრებულის” (რედაქტორ-შემდგენელი ნუგზარ პაპუაშვილი) წარდგენა.  „კავკასიური სახლის“ ინფორმაციით, წარდგენას დაესწრებიან, კრებულში დაბეჭდილ წერილთა ავტორები და პროფესორ ზურაბ კიკნაძის შემოქმედებით დაინტერესებული საზოგადოება.
წარდგენის მონაწილეებს გადაეცემათ საიუბილეო გამოცემის ეგზემპლარი.

***
კრებულის რეზიუმე:
„კრებული ეძღვნება მეცნიერისა და მოაზროვნის, ფილოლოგიის დოქტორისა და ფოლკლორისტიკის პროფესორის, პოლიგლოტის, სემიტოლოგისა და ასირიოლოგის, მთარგმნელის, ბიბლეისტის, საზოგადო და საეკლესიო მოღვაწის – ზურაბ კიკნაძის (1933-2022) – დაბადების 91 და გარდაცვალების 2 წლისთავს. აქ პირველად ქვეყნდება რამდენიმე პირადი წერილი და ფოტოსურათი საოჯახო არქივიდან. აქვე წარმოდგენილია გამოკვლევები მისი ცხოვრებისა და შემოქმედების სხვადასხვა სფეროზე, აგრეთვე _ მემუარები და პოეზიაც. გამოცემა განკუთვნილია როგორც აკადემიური წრეებისათვის, ისე ფართო საზოგადოებისათვის.
ზურაბ კიკნაძე საბჭოთა რეჟიმის მიერ რეპრესირებულ ოჯახში დაიბადა და გაიზარდა. მისი მამა, თბილისის სასულიერო სემინარიის კურსდამთავრებული და საქართველოს ფედერალისტთა პარტიის ერთ-ერთი ლიდერი გიორგი კიკნაძე, 1938 წელს დააპატიმრეს და დახვრიტეს. მან ბავშვობა თბილისსა და, ნაწილობრივ, პროვინციულ ქალაქ ონში გაატარა. საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლა განაგრძო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტზე, სადაც დაეუფლა ებრაულ, არაბულ, შუმერულ და აქადურ ენებს, ასევე – ძველ ბერძნულს, ლათინურს, ფრანგულს, ინგლისურსა და გერმანულს. მისი მრავალრიცხოვანი თარგმანებიდან პირველ რიგში უნდა დავასახელოთ: გილგამეშის ეპოსი, ოდისეა და ბიბლია. სხვადასხვა დროს ის მუშაობდა ებრაელთა მუზეუმში, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტში, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ქართული ზეპირსიტყვიერების კათედრის გამგედ და ბევრ სხვა სამეცნიერო, საგანმანათლებლო და კულტურულ ცენტრში.
იმის მიუხედავად, რომ ზურაბ კიკნაძე კომუნისტურ-ათეისტური რეჟიმის პირობებში გაიზარდა, ამ სახელმწიფოს იდეოლოგიას მის ცნობიერებასა და საქმიანობაზე გავლენა არ მოუხდენია; ის თავისუფალ პიროვნებად ჩამოყალიბდა და ეკლესიას ახალგაზრდობაში დაუახლოვდა. მას უნდოდა, რომ სწავლა სასულიერო აკადემიაში გაეგრძელებინა და პროფესიონალი თეოლოგი გამხდარიყო, მაგრამ ამ გზას არ გაჰყვა და სამეცნიერო-პედაგოგიურ, ლიტერატურულ-შემოქმედებით და საზოგადო მოღვაწეობას დიდი მონდომებით შეუდგა. ის ერთადერთი ქართველი მეცნიერი და პროფესორი იყო საბჭოთა ეპოქაში გაზრდილ ქართველ მეცნიერთა და პროფესორთა შორის, რომელიც მაშინდელი იდეოლოგიური წნეხის პირობებშიც კი ეკლესიური ცხოვრებით ცხოვრობდა და პირად რელიგიურ მრწამსს პუბლიკის წინაშეც გამოხატავდა. ზურაბ კიკნაძე იცავდა აღმოსავლურ-ორთოდოქსულ ტრადიციასა და დოგმატიკას, მაგრამ კათოლიკე ეკლესიასთანაც თანამშრომლობდა (იყო სულხან-საბა ორბელიანის სახელობის კათოლიკური უნივერსიტეტის პროფესორი) და ეკლესიათა ერთიანობის აღდგენაზე ოცნებობდა. ის ასევე თანამშრომლობდა საერთაშორისო ბიბლიურ საზოგადოებასა და სტოკჰოლმის ბიბლიის თარგმნის ინსტიტუტთან; მონაწილეობდა ეკუმენური შინაარსის დიალოგებსა და დებატებში.
ზურაბ კიკნაძემ დატოვა მდიდარი სამეცნიერო-წერილობითი მემკვიდრეობა, რომლის თემატიკა მრავალფეროვანია: შუამდინარეთის ლურსმული დამწერლობა და მწერლობა, ბიბლია და ბიბლიოლოგია, ქართულ მითოლოგიურ გადმოცემათა სისტემა და ქართული ზეპირსიტყვიერი საკულტო ტექსტები, ძველი და ახალი პერიოდის ქართული ლიტერატურა მსოფლიო ლიტერატურის კონტექსტში, თეოლოგიის აქტუალური პრობლემები ზოგადად და, განსაკუთრებით, ქართულ რეალობაში, ეკლესია წარსულში და თანამედროვე გამოწვევების წინაშე, სინდისის თავისუფლება და ადამიანის უფლება-მოვალეობები.
ზურაბ კიკნაძე დაუპირისპირდა იმდროინდელ მეცნიერებაში სტერეოტიპად ქცეულ რამდენიმე თეორიას, რითაც არაერთი პრობლემის ახლებურად გააზრებას შეუწყო ხელი. მან გააკრიტიკა დიდი ქართველი მეცნიერის, ივანე ჯავახიშვილის, თეორია, რომლის თანახმად საქართველოს მთიანეთის მოსახლეობა რეალურად არ გაქრისტიანებულა და მან ძველი, ისტორიული წარმართობა შეინარჩუნა. ზურაბ კიკნაძემ დაამტკიცა, რომ ის, რასაც ამ შემთხვევაში წარმართობას უწოდებენ, სინამდვილეში პაგანიზებული ქრისტიანობაა. პაგანიზაცია კი მაშინ მოხდა, როდესაც აღნიშნულ მხარეში ეკლესიამ, ისტორიული ძნელბედობის მიზეზით, პოზიციები დათმო და სარწმუნოების სფეროში საეკლესიო კანონიკის დაცვა ვეღარ მოხერხდა. იგევე ითქმის პროფ. გიორგი ჩუბინაშვილის თეორიის მიმართ, რომლის თანახმად ქართული საეკლესიო არქიტექტურა ადგილობრივ წარმართულ საკულტო არქიტექტურას დაეფუძნა, რის გამოც საქართველოში გაქრისტიანებიდან ერთი საუკუნის შემდეგაც კი საეკლესიო ღვთისმსახურება ისეთ მინიატურულ ტაძრებში მიმდინარეობდა, რომელშიც მხოლოდ მღვდელი შედიოდა, მრევლი კი გარეთ იდგა. ზურაბ კიკნაძემ აღნიშნა, რომ ეს თეორია ნონსენსია და წინააღმდეგობაშია ახალი აღთქმის ლიტურგიის პრინციპთან. მისი თეორიის მიხედვით ქრისტიანობა საქართველოში ყველა კანონიკურ ნორმასთან ერთად შემოვიდა. ამ თეორიის ჭეშმარიტება არქეოლოგიურმა გათხრებმაც დაადასტურა.
ზურაბ კიკნაძემ ჰუმანიტარულ და პოლიტიკურ ასპარეზზეც იშრომა: სხვადასხვა დროს იყო საქართველოს სახალხო ფრონტის, რუსთაველის საზოგადოებისა და სახელმწიფო საბჭოს წევრი, ადამიანის უფლებათა დაცვისა და კონფლიქტების მოგვარებათა სამთავრობო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე. მის სახელთან დაკავშირებულია ჰუმანიტარულ კვლევათა საერთაშორისო რეფერირებადი ჟურნალის, „კადმოსის“, დაარსება და რედაქტორობა. ის იყო არაერთი სამეცნიერო და სადისერტაციო ნაშრომის ხელმძღვანელი, რეცეზენტი თუ ოპონენტი; უამრავი ფოლკლორულ-ეთნოგრაფიული ექსპედიციის მონაწილე და წინამძღვარი; ადგილობრივი და საერთაშორისო თათბირ-სემინარების, სიმპოზიუმებისა და მოლაპარაკებების მონაწილე როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ. მას ფეხით ჰქონდა შემოვლილი საქართველოს თითქმის ყოველი მხარე და ღრმად იცნობდა მთის ტრადიციულ თემთა სულიერ-რელიგიურ სამყაროს.
ზურაბ კიკნაძის წერილობითი მემკვიდრეობის დიდი ნაწილი გამოქვეყნებულია, მაგრამ სხვადასხვა ჟანრისა და ფორმის ბევრი თხზულება ხელნაწერის სახით არსებობს. თანამედროვე მეცნიერების ერთ-ერთ პრიორიტეტს ამ მემკვიდრეობის აკადემიურ დონეზე შესწავლა, გამოუქვეყნებელი მასალის გამოქვეყნება და მისი ფართო პროფილით განხილვა წარმოადგენს.
ზურაბ კიკნაძე აქტიურად და ერთგულად თანამშრომლობდა კულტურულ ურთიერთობათა ცენტრთან „კავკასიური სახლი“, რომელმაც მისი არაერთი ფუნდამენტური ნაშრომი გამოაქვეყნა. ამ სახლში 2023 წლის 7 ოქტომბერს გაიმართა კონფერენცია სახელწოდებით „ზურაბ კიკნაძე და მისი შემოქმედებითი სამყარო“, რომელიც მისი დაბადების 90 წლისთავს მიეძღვნა. კონფერენციას უძღვებოდა „კავკასიური სახლის“ დამფუძნებელი _ ნაირა გელაშვილი. მან წარმოაჩინა იუბილარის პიროვნების, ცხოვრებისა და შემოქმედების არსებითი მხარეები და მიმოიხილა მისი ბოლო ნაშრომი „სეკულარიზაციის მრავალსახეობა“, რომელიც ჟურნალ „აფრა“-ში დაიბეჭდა. დამსწრე საზოგადოების წინაშე მოხსენებებით წარდგნენ და განსვენებულის მემკვიდრეობის სხვადასხვა წახნაგი მიმოიხილეს ქართული მეცნიერებისა და კულტურის მუშაკებმა. წინამდებარე გამოცემა ძირითადად აღნიშნულ მოხსენებათა ტექსტებით არის დაკომპლექტებული. აქვეა მემუარები, რომელთაგან ერთ-ერთის ავტორია ტიუბინგენის უნივერსიტეტის, ემირიტუს პროფესორი Hermann Lichtenberger-ი.
წინამდებარე გამოცემა პირველი ნაბიჯია პროფ. ზურაბ კიკნაძის მემკვიდრეობის შესწავლისა და პოპულარიზაციის გზაზე“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები