“გერმანიის ელჩი დგას იმ ადამიანების გვერდით, რომლებიც გამორჩეულები არიან ფაშისტური და ნაცისტური განცხადებებითა და ქმედებებით” – გორდულაძე
“ეს არის ადამიანი, რომელიც ერთი ჩვეულებრივი, კოლექტიურ „ნაცმოძრაობაში“ გაერთიანებული წევრი გახდა”, – ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ, საქართველოში გერმანიის ელჩის, პეტერ ფიშერის შესახებ საუბრისას განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, გერმანიის ელჩი დგას იმ ადამიანების გვერდით, რომლებიც გამორჩეულები არიან ფაშისტური და ნაცისტური განცხადებებითა და ქმედებებით.
“გამოვიდეს ეს ადამიანი, კეთილი ინებოს და მაგალითად, გააკეთოს განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ გუშინდელი ე.წ. აქცია და რეალურად პროვოკაცია როგორ იგეგმებოდა – პირდაპირ ჯგუფებში წერდნენ, რომ „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები უნდა დავიჭიროთ, დავაბათ, წარწერები გავუკეთოთ, საღებავები შევასხათო. კეთილი ინებოს [ელჩმა] და როგორც გერმანელს, ღირსეულ ადამიანს და ერს შეეფერება, ახლა მაინც თქვას, რომ ნაციზმი საქართველოში ზუსტად ისევე მიუღებელია, როგორც გერმანიაში”, – განაცხადა არჩილ გორდულაძემ.
პეტერ ფიშერი სოციალურ ქსელში წერს, რომ გერმანიის მთავრობა სრულ მხარდაჭერას გამოხატავს მის მიმართ, როგორც ელჩისადმი და რომ გერმანია უარყოფს პოლიტიკურ ძალადობას.