საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრესსპიკერის, ნათია იოსელიანის განცხადებით, 4 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ამომრჩევლების 90 % კენჭისყრაში მონაწილეობას ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით მიიღებს.
როგორც იოსელიანმა მედიაჰოლდინგ “კვირას” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით მნიშვნელოვნად მარტივდება კენჭისყრის დღის პროცედურები, ადამიანური შეცდომები იკლებს.
“განვლილ არჩევნებზე ელექტრონული ტექნოლოგიები უბნების 90%-ში გამოვიყენეთ. ამ არჩევნებზეც ამომრჩევლების 90% არჩევნებში მონაწილეობას ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით მიიღებს. ეს მათთვის უკვე უცხო აღარ არის. როგორც მოგეხსენებათ, საარჩევნო ადმინისტრაციამ საქართველოში, საარჩევნო უბნებზე ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენება ერთბაშად არ დაიწყო. ჩვენ საარჩევნო პროცესში ელექტრონული ტექნოლოგიების ინტეგრირებას ეტაპობრივად, საპილოტე რეჟიმში ვახორციელებდით. საქართველოში ელექტრონულ ტექნოლოგიებთან მიმართებით მიმდინარე პროცესებს, ბუნებრივია, ყოველ არჩევნებზე ვსწავლობდით. ასევე გეტყვით იმასაც, რომ არ შეგვიწყვიტია იმ ქვეყნებზე დაკვირვება, რომლებიც მსგავს ტექნოლოგიას იყენებენ. ცალსახად შეიძლება ვთქვათ: პირველი არის ის, რომ მნიშვნელოვნად მარტივდება კენჭისყრის დღის პროცედურები, ადამიანური შეცდომები იკლებს. თქვენ იცით, კენჭისყრის დღეს საუბნო საარჩევნო კომისიაში მუშაობა რამდენად სტრესულია , საკმაოდ შრომატევადი სამუშაო აქვთ შესასრულებელი და წარსულში ადამიანური შეცდომების გამო ხშირად გვქონია მსგავსი სიტუაციები. [ელექტრონული ტექნოლოგიები] სწორედ ადამიანური შეცდომების მინიმუმამდე დაყვანას უწყობს ხელს. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამომრჩეველი ხმას სწრაფად და კომფორტულად აძლევს.
ასევე სიზუსტე უნდა ვახსენოთ: აპარატები მუშაობს ზუსტად, შედეგებს ითვლის ზუსტად და დროულად. ეს გვაძლევს იმის შესაძლებლობას, რომ საზოგადოებას წინასწარ შედეგებთან დაკავშირებით ინფორმაცია ძალიან სწრაფად, რეკორდულ დროში მივაწოდოთ. შარშან, მაგალითად, სულ რაღაც საათსა და 45 წუთში შევძელით საზოგადოებისთვის წინასწარ შედეგებთან დაკავშირებით ინფორმაცია მიგვეწოდებინა. ანუ, ეს ყველაფერი პროცესს ამარტივებს, ზუსტს ხდის. რაც შეეხება ფარულობას, რაც თქვენ იკითხეთ, საარჩევნო ადმინისტრაცია , როგორც განვლილ არჩევნებზე, ახლაც, ჩარჩო ფორმას გამოიყენებს , რომელშიც სპეციალური ბიულეტენი იდება. ბუნებრივია, ჩარჩო კონვერტი უზრუნველყოფს ფარულობას იმ შემთხვევაში, თუ ამომრჩეველი კაბინაში ბიულეტენს მასში მოათავსებს და გამოიტანს. თქვენ იცით, დიახ, ფარულობასთან დაკავშირებით ძალიან ბევრი წუხილი იყო. საარჩევნო ადმინისტრაციამ მიიღო გადაწყვეტილება და ამ არჩევნებისთვის იმ ჭრილზე, რომელზედაც იყო საუბარი, რომ ფარულობა ირღვეოდა ( მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ არ ვეთანხმებით ამ პოზიციას), კიდევ საფარს ვამაგრებთ. საარჩევნო ადმინისტრაცია დგამს ნაბიჯებს, რომელიც სპეკულაციებისთვის სივრცეს არ დატოვებს. ჩვენთვის მთავარი ამოცანა და პრიორიტეტი არის ის, რომ ყოველი მომდევნო არჩევნები იმაზე უკეთ იყოს ორგანიზებული, ვიდრე განვლილი იყო , ყოველი მომდევნო არჩევნები საქართველოში მაღალი საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისად იყოს ჩატარებული”, – განაცხადა იოსელიანმა.