დაიბადა ბათუმში. დაამთავრა მე-2 საჯარო სკოლა, შემდეგ – ბათუმის უნივერსიტეტის დაწყებითი ფაკულტეტი.
მუსიკით და პოეზიით ბავშვობიდანვე იყო გატაცებული. იყო დუეტ „არტის“ პროდიუსერი. ამ პერიოდში დაიწერა რამდენიმე სიმღერა მის ლექსებზე.
15 წელია უძრავი ქონების სააგენტოში მუშაობს. ერთი პოეტური კრებულის ავტორი და 15-მდე კრებულის თანაავტორია. გამოსაცემად მზად აქვს მეორე კრებული.
– ბავშვობა… მშობლები… ოჯახი…
– დავიბადე 1959 წელს.ქობულეთში. დავამთავრე ბათუმის მეორე საჯარო სკოლა. საუკეთესო ბავშვობა მქონდა. მშობლებისგან განებივრებული ნებიერა ვიყავი. ასევე გურული ბებოსგან.
ლუბა ბებოს თბილი, შრომისგან ნაადრევად დაკოჟრილი ხელებით გამომცხვარი კეცის ხაჭაპური ყოველთვის მენატრება. ბავშვობაში გატაცებული ვიყავი თევზაობით და დღემდე ჩემი საყვარელი ჰობია. ორივე მშობელი ფინანსისტი იყო. სტუმრიანი ოჯახი გვქონდა. მყავს და და ძმა, ჩემი ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ადამიანები, ჩემი შვილები – დავითი და სულხანი, საუკეთესო რძლები და შვილიშვილები.
სოფელში ბებოსთან ერთად ცხოვრობდა დეიდაჩემი – თამარ ჭკუასელი, საუკეთესო პედაგოგი და კრეატიული ქალბატონი, ბევრი რამ ვისწავლეთ დეიდისგან.
ზაფხულობით ათიოდე წიგნი უნდა წაგვეკითხა და შემდეგ განხილვა ხდებოდა. მენატრება ბავშვობა..დაცარიელდა ჩვენი ბავშვობის ბურჯი, ჩვენი სიყვარულით სავსე სახლი გურიაში..ვბოდავ…ხშირად ჩემი მუზის დამამშვენებელი…
სახლში, რომელშიც არავინ ცხოვრობს,
დაბუდებულა სევდა და დარდი,
მზე ვერ შეაღწევს ძველისძველ საწოლს,
სადაც ისმოდა სუნთქვა მოხუცის.
გახუნებულა კიბე აივნის, დაჟანგებული
მოთქვამს და ოხრავს, როგორ დავშორდი,
როგორ დამშორდი…
ამ სინანულით ვოხრავ და ვბოდავ…
– ბავშვობიდან წერთ, პირველი ლექსები…
– სამწუხაროდ, ადრეული ასაკის ლექსები არ შემომრჩა. სკოლის პერიოდიდან ეს პატარა ლექსი გამახსენდა:
დრო გადის როგორც ტკბილი ზღაპარი,
ხევებში ბრუნავს ნისლის მორევი,
როგორც მერანი დაურახტავი,
ქარი გამაფრენს შლეგი, ვერანი.
1973 წელი
– ბათუმის მეორე საჯარო სკოლა დაამთავრეთ.
სკოლა და შემოქმედებითი მოღვაწეობა…
– ფანტასტიკური კლასი. უნიჭიერესი ბავშვები… სანიმუშოები ვიყავით.
სამახსოვრო შატალოა, როცა გავბედეთ გაკვეთილების გაცდენა, რამდენჯერმე გვქონდა ამ საოცარი შეგრძნებების ბედნიერება. გატაცებული ვიყავი თეატრით. მსახიობობა მსურდა. რამდენიმე წელს პიონერთა სასახლეში დრამწრეზე დავდიოდი. რეჟისორი ოთარ წურქავა. ჩვენი პირველი სპექტაკლი იყო „დაკარგული დრო“. ეს იყო ჩემი ცხოვრების საუკეთესო პერიოდი…
– დასამახსოვრებელი სტუდენტობის პერიოდიდან?
– დაუსწრებლად ვსწავლობდი. უკვე შვილები მყავდა და ვცდილობდი, მათთვის სანიმუშო ვყოფილიყავი. წარმატებით დავამთავრე პედაგოგიური ფაკულტეტი.
– თქვენს ლექსებზე დაიწერა მელოდიები…
– შევხვდი ნიჭიერ მუსიკოსებს. ახალგაზრდები იყვნენ. გავიცანი უნიჭიერესი ლადო ყატაშვილი, რომელმაც დუეტისთვის დაგვიწერია სიმღერა.
„გწამდეს ჩემი სიყვარულის“ – ასრულებს დუეტი „არტი“. რამდენიმე წელი უბედნიერესი ვიყავი მათთან მუშაობით, ბევრი გეგმა გვქონდა. შემდეგ ჩემი ძვირფასი მომღერლები სხვადასხვა ქალაქში გაემგზავრნენ და ასე დასრულდა ეს ისტორია… მიყვარხართ!
– ბათუმი სიხარულიან–სევდიანი განცდით ასახეთ ლექსებში… რას შეცვლიდით მშობლიურ ქალაქში?
– ჩემი ლექსების უმრავლესობა ალბათ ბათუმზე,ზღვაზე და სიყვარულზეა. ბათუმელი ვარ მთელი არსებით. ცათამბჯენებს არ ავაშენებდით …ზღვის სურნელი აღარ აღწევს, ძვირფასებო… სინათლე და ჰაერი ნაკლებია… ჰაერი, ჰაერი გვჭირდება… ჟანგბადი მეტი მოგვიხდებოდა … მიყვარს ჩემი ბათუმი და ბათუმელები .– პოეტი და დრო…
– პოეტის სიტყვა დროს უსწრებს.. პოეტის გული საუკუნის სევდას ატარებს… დღეს ყველაფერი უფერულდება, ის, რაც ადრე იყო…რუსთაველის სიბრძნეში ყველა კითხვაზე პასუხებს ვიღებთ.
„შაირობა სიბრძნისაა ერთი დარგი, /საღმრთო, საღმრთოდ გასაგონი, მსმენელთათვის დიდი მარგი.
კვლა აქაცა ეამების, ვინცა იყოს კაცი ვარგი, /გრძელი სიტყვა მოკლედ ითქმის, შაირია ამად კარგი“.
– ოცნება, რომელიც ვერ შეისრულეთ…
– ოცნება მქონდა, ვყოფილიყავი თეატრში….ბავშვობის ოცნება…
– სიყვარული არის…
– სიყვარული ეს არის ზრუნვა ..ერთგულება, ეს არის უსაფრთხოება.
სიყვარული ნიშნავს, რომ შენ გვერდით ადამიანს შეუძლია იყოს ნამდვილი, გულწრფელი და რაც მთავარია, ბედნიერი.
გიყვარდეს ადამიანი, ბევრად უფრო მეტია, ვიდრე ის ქმედებები, რომლებსაც ჩვენ ჩავდივართ. სიყვარული ეს არის სინათლე, ეს არის საუკეთესო რამ, რაც კი ჩვენ შეიძლება მივუძღვნათ გარემომცველ სამყაროს.
– ერთი ლექსის ისტორია..
– ვსაუბრობდი სრულიად უცნობ პიროვნებასთან, გამიტაცა მასთან საუბარმა. ვისაუბრეთ ხელოვნებაზე, აღმოჩნდა მხატვარი, საინტერესო მოსაუბრე.დავასრულე საუბარი და დაიწერა ლექსი, რომელიც ძალიან მიყვარს…
გასაუბრება მხატვართან
თქვენ ხატავთ ქვაზე?
ან იქნებ ცაზე?
მითხარით, ხატავთ სულის ალებზე?
თქვენ გესმით ბგერის?
პროზის და ლექსის,
არ თქმული სიტყვის დაბადებისა?
მზე იშმუშნება ღრუბლების ფარქვეშ,
და ცისარტყელა ცას ეტმასნება,
თქვენ უსმენთ მოცარტს?
კითხულობთ ბოდლერს?
ნამიან ვარდის სურნელს იყნოსავთ?.
მიბოძეთ ტილო, ფუნჯი და ზეცა,
და მე დავხატავ ჯერ არ თქმულ სიტყვას,
ლარნაკში ჩემთვის რომ კვდება ია,
მას ურჩევნია ცხოვრება ჩემთან?.
ვარდის ფურცლებით კალათა სავსე,
ბოშის ფართხუშა კაბის შრიალით,
ჩამოვატარე ჩემს სამფლობელოს,
და ეს სურნელი შემოგახალეთ.
თქვენ, ჩემი სულის მოხატვას შეძლებთ?
დროს გაუტოლებთ ასაკის ზღვარსაც?
თქვენ ხატავთ ქვაზე?
ან იქნებ ცაზე?
მითხარით, ქვასაც ყვავილად აქცევთ?..
დე, საუბარი აქვე დასრულდეს,
ეს დღე, ეს წამი და ეს წუთები,
იქცეს ლექსად და სიკეთეს გასცდეს.
მაყვალა დავლაძე
– უძრავი ქონების სააგენტოში მუშაობთ… სამსახური თავის დროს მოითხოვს… როდის იწერება ლექსები?
– ჩემი დრო სრულიად შთანთქა მუშაობამ. უკვე 15 წელია უძრავი ქონების სფეროში ვმუშაობ… მუზას კლავს… დროს მპარავს…მრავალ საღამოს ვერ ვესწრები… ვდარდობ ძალიან…
მყავს საუკეთესო მეგობარი, პროზაიკოსი ინგა გოგიბერიძე. მისი დამსახურებაა ყველა ჩემი სიხარული, პოეზიის ყველა დღესასწაული, რომელიც ჩვენს საოცარ „ინგას უბნელებს“ გვაქვს. უამრავი პოეზიის კრებული და საუკეთესო მეგობრები შევიძინე! მადლობა ჩემს ძვირფას მეგობრებს!
– ჰობი..
– ბუნებასთან სიახლოვე…მედიტაცია..
– ახალ კრებულზე მუშაობთ… იცვლება თუ არა სათქმელი პირველ კრებულთან შედარებით?
– პირველი კრებული „ფერთა ჰარმონია“ გურიაში დაიწერა. დეიდას გამო 3 წელი ვცხოვრობდი სოფელში.
მომავალი კრებული ჩემს ქალაქს, ზღვას და სიყვარულს ეძღვნება.
– სამომავლო გეგმები…
– ჩემი სამომავლო გეგმაა ჩემს მეგობრებთან ერთად ვიმოგზაურო, შევიგრძნო სამყარო, ვიყო ბავშვივით ლაღი.
თამარ შაიშმელაშვილი