ნეპალში მიმდინარე მასშტაბური საპროტესტო გამოსვლები მესამე დღეა გრძელდება. მომიტინგეებმა გზები გადაკეტეს და სამთავრობო შენობები დააზიანეს, ხოლო არმიის ვერტმფრენებმა ზოგიერთი მინისტრი უსაფრთხო ადგილას გადაიყვანეს.
როგორც მედია აღნიშნავს,
ქვეყანა პოლიტიკურ ვაკუუმშია და ძალაუფლება, ფაქტობრივად, სამხედროებისა და დროებითი მთავრობის ხელშია.
ინდოეთმა, რომელიც ნეპალთან 1 751 კილომეტრიან ღია საზღვარს იზიარებს, უსაფრთხოების ზომები მკვეთრად გაამკაცრა. სასაზღვრო პოლიციისა და ჯარის დამატებითი ძალები ბიჰარის, უტარ პრადეშის, სიკისმისა და სხვა შტატების საზღვრისპირა რაიონებში განლაგდნენ. ადგილზე დაწესებულია მკაცრი შემოწმებები, ხოლო მონიტორინგისთვის დრონები და სახის ამოცნობის სისტემები გამოიყენება.
ინდოეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მოქალაქეებს მოუწოდა, უახლოეს დღეებში ნეპალში გამგზავრებისგან თავი შეიკავონ. ქათმანდუსში საელჩომ საგანგებო ცხელი ხაზიც გახსნა. უკვე დაიწყო ტურისტებისა და ინდოელი მოქალაქეების ევაკუაცია.
შეგახსენებთ, ნეპალის დედაქალაქი ახალგაზრდების ხელმძღვანელობით გამართულმა დემონსტრაციებმა მოიცვა, პოლიციამ კი მათ ცეცხლი გაუხსნა, რის შედეგადაც 19 ადამიანი დაიღუპა.