პაატა ბურჭულაძე: მაქვს უტყუარი დასაბუთება, რომ „ოცნების“ წასულ მაღალჩინოსნებს აქვთ კავშირი ჩვენთან, უნდა გავერთიანდეთ ყველანი და თუნდაც ლილუაშვილი, ღარიბაშვილი, გომელაური რომ დაგვიდგეს ახლა გვერდში, ჩვენ უნდა მივიღოთ, იმიტომ, რომ ერთი მთავარი მტერი გვყავს – ბიძინა ივანიშვილი
მე ვიღებ ჩემს თავზე პასუხისმგებლობას, რომ ვიწყებთ ოთხში და ვამთავრებთ ოთხში. იმავე დღესვე უნდა მორჩეს ყველაფერი, ამის გაგრძელება არ შეიძლება, „ოცნების“ ყოველი დღე ხელისუფლებაში არის ჩვენი უკუსვლა, – ამის შესახებ „რუსთაველის გამზირის“ ლიდერმა, პაატა ბურჭულაძემ, „ფორმულას“ ეთერში განაცხადა.
ბურჭულაძემ ისაუბრა „ქართული ოცნებიდან“ წასულ მაღალჩინოსნებსა და ოპოზიციონერებს, კერძოდ, ლევან ხაბეიშვილს შორის არსებულ კავშირებზე. მისი თქმით, მმართველი გუნდიდან წასულები, „ცოდვებს ინანიებენ“.
„მაქვს უტყუარი დასაბუთება იმისა, რომ „ოცნების“ წასულ მაღალჩინოსნებს, აქვთ კავშირი ჩვენთან. პირადად ჩემთან არა, მარტო რამდენიმეს, მაგრამ, ხაბეიშვილთან აქვთ კავშირი და ისინი, ფაქტობრივად, ინანიებენ ცოდვებს, რაც აქვთ ჩადენილი და უნდათ, მონაწილეობა მიიღონ ქვეყნის აღმშენებლობაში, რაც არის მისასალმებელი.
როგორ ვთქვა, რომ ღარიბაშვილი დაიჭერს ქართულ დროშას და გამოვა, ჩვენ დაგვიდგება გვერდში – ეგეთი რამე არ მოხდება, მაგრამ ის ინფორმაცია, რაც საჭიროა, რაც გამოდის იქიდან. იმიტომ, რომ მათთან აქვთ კიდევ სხვებს კავშირი, მოქმედებს, ისინი გადასცემენ ამათ, ესენი გადმოგვცემენ ჩვენ, ასე რომ, გვაქვს ინფორმაციები“, – აღნიშნა ბურჭულაძემ.
ბურჭულაძის თქმით, რამდენიმე დღის წინ, მან რუსთაველზე ხალხი გააერთიანა, შესაბამისად, მოუწოდებს „ქართული ოცნებიდან“ წასულ მაღალჩინოსნებს – ირაკლი ღარიბაშვილს, გრიგოლ ლილუაშვილს და ვახტანგ გომელაურს, რომ გვერდში დაუდგნენ ოპოზიციას, რადგან ახლა მათ ერთი მტერი – ბიძინა ივანიშვილი ჰყავთ.
„რუსთაველის გამზირზე ჩვენ რამდენიმე დღის წინ შევიკრიბეთ, ილია და აკაკის ძეგლთან. რომ დავპირდი ხალხს, გაგაერთიანებთ, მართლა მოხდა გაერთიანება: თუ გინდა მერაბ სეფაშვილი, თეა დარჩია, შიუკიშვილი გიორგი, ვაჟა ექიმი. ასე უნდა გავერთიანდეთ ყველანი და გამოვიდეს, თუნდაც იგივე ლილუაშვილი, ღარიბაშვილი, გომელაური, რომ დაგვიდგეს ახლა გვერდში ჩვენ, უნდა მივიღოთ, იმიტომ, რომ ერთი მთავარი მტერი გვყავს – ეს არის ბიძინა ივანიშვილი და მისი რეჟიმი“, – განაცხადა ბურჭულაძემ.