პოლონეთში რუსეთის დიპლომატი: პოლონეთს დრონების რუსული წარმომავლობის მტკიცებულება არ წარმოუდგენია
პოლონეთის პრემიერ-მინისტრის, დონალდ ტუსკის განცხადებით, უპილოტო საფრენმა აპარატებმა ქვეყნის საჰაერო სივრცე 19-ჯერ დაარღვიეს და ის სამი დრონის ჩამოგდებას ადასტურებს.
პოლონეთში რუსეთის საქმეთა დროებითი რწმუნებულის განცხადებით, ქვეყანას არ წარმოუდგენია არანაირი მტკიცებულება, რომელიც ადასტურებს, რომ პოლონეთში ჩამოგდებული დრონები რუსული წარმოშობისაა.
ანდრეი ორდაშის თქმით, ის პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროშია დაბარებული.
„ჩვენ ბრალდებებს უსაფუძვლოდ მივიჩნევთ. არ არის წარმოდგენილი არანაირი მტკიცებულება იმისა, რომ ეს დრონები რუსულია.
რუსეთი აბსოლუტურად არ არის დაინტერესებული პოლონეთთან რაიმე სახის ესკალაციით, მაგრამ, სამწუხაროდ, ჩვენ არ შეგვიძლია იმედი გვქონდეს, რომ პოლონეთის ხელისუფლება მოგვისმენს“, – განაცხადა ორდაშმა.
პოლონეთის საჰაერო სივრცეში რუსული დრონების შეჭრასთან დაკავშირებით კრემლს ოფიციალური ინფორმაცია ჯერ არ გაუვრცელებია.