ანუკი კანკია: პირველ ფოტოზე მე და 59 წლის მამაჩემი გოჩა კანკია ვართ – მეორე ფოტოზე, რომელიც „ტელეგრამში“ გავრცელდა, ასევე მამაჩემი გოჩაა, თუმცა პირადობის ნომერი, დაბადების თარიღი და მამის სახელი სხვისია
განათლების სამინისტროს პრესსამსახურის უფროსი, ანუკი კანკია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც წერს, რომ მისი მამის გოჩა კანკიას ფოტოს, გაყალბებული პირადი მონაცემებით „ტელეგრამში“ ავრცელებენ.
„გამარჯობა, პირველ ფოტოზე მე და 59 წლის მამაჩემი გოჩა კანკია ვართ. მეორე ფოტოზე, რომელიც ტელეგრამში გავრცელდა, ასევე მამაჩემი გოჩაა, თუმცა პირადობის ნომერი, დაბადების თარიღი და მამის სახელი სხვისია.
ამ ქვეყნად ცოტას ვიცნობ ისეთს, ვისაც შეიძლება მასზე ძალიან უყვარდეს სამშობლო. ჰოდა, დღეს მთელი დღის განმავლობაში მის ამ ფოტოს ჩათიდან ჩათში დაატარებენ – ხან რუსს, ხან სამშობლოს მოღალატეს და რა ვიცი კიდევ რას აღარ ეძახიან.
ცოტა ხნის წინ დამირეკა და მითხრა, სპეცრაზმისთვის ცოტა ასაკი აღარ მიწყობს ხელსო…
სამშობლოს სიყვარულის სახელით ტყუილის გავრცელება, ადამიანების შევიწროება, მტრად გამოცხადება და მსგავსი ფაშისტური მიდგომები კარგი ამბავი არ არის და იმედია ამ ჭეშმარიტებაზე ყველა ვთანხმდებით!“, – წერს ანუკი კანკია Facebook-ზე.