ივანე ჩხაიძე: ბათუმიდან შემოყვანილი ახალშობილის მდგომარეობა სტაბილურია – ბავშვი შეესაბამება ბინაზე გაწერის ყველა კრიტერიუმს

იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, ივანე ჩხაიძის განცხადებით, ბათუმიდან თბილისში გადმოყვანილი ახალშობილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

მისივე თქმით, ბავშვი ბინაზე გაწერის ყველა კრიტერიუმს შეესაბამება.

„პაციენტი შემოყვანილი იქნა 5 მაისს იაშვილის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოში. ბავშვი გადმოყვანილია ბათუმის დედათა და ბავშვთა ცენტრალური ჰოსპიტლიდან. გადმოყვანის მიზეზი იყო ნეიროქირურგიის და ნევროლოგის აქტიური ჩარევის საჭიროება, ვინაიდან პაციენტს ბათუმის კლინიკაში გულყრა აღენიშნა. დიაგნოსტიკის მიზნით, ჩატარდა თავის ტვინის კომპიუტერული ტომოგრაფიული კვლევა და ნანახი იქნა ქალა ტვინის ტრავმის რადიოლოგიური სურათი. ამ მიზეზით, ვინაიდან ბათუმს არ აქვს ნეიროქირურგიის და ნევროლოგიის 24-საათიანი სპეციალიზებული სერვისის შეთავაზების შესაძლებლობა, ბავშვი იყო გადმოყვანილი ჩვენთან. ჩვენს კლინიკაში შემოსვლისთანავე, ჩატარდა ყველა აუცილებელი დიაგნოსტიკური ღონისძიება, სხვადასხვა კვლევები.

გულყრა ჩვენთან შემოსვლის შემდეგ არ განმეორებულია, ანუ ჩვენთან არ ჰქონდა. პაციენტის ზოგადი მდგომარეობა გაუმჯობესდა. ამჟამად პაციენტის მდგომარეობა ფასდება, როგორც სტაბილური. ყველა კლინიკური, ლაბორატორიული მაჩვენებელი დამაკმაყოფილებელია. წონაში მატება აღენიშნა. საკვებს აქტიურად იღებს, ბუნებრივ კვებაზეა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. შესაბამისად, იქნა გადაწყვეტილება მიღებული ბავშვის ბინაზე გაწერასთან დაკავშირებით, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ამით დასრულდა ბავშვზე მეთვალყურეობა. გეგმურად ბავშვი საჭიროებს ნეიროქირურგიულ კონსულტაციას ერთ თვეში, ასევე თავის ტვინის ელექტროენცეფალოგრაფიის ერთ თვეში და თუ იქნება აუცილებელი, ასევე თავის ტვინის მაგნიტურ-რეზონანსული კვლევის ჩატარება.

მშობლებს დღეს დილით ვესაუბრე, ბევრი რამ ავუხსენი. მშობლები გაწერის წინააღმდეგები არ არიან. თუ რაიმე დამატებითი კვლევაა, რაც შეიძლება ჩატარდეს, ამის შესაძლებლობასაც განვიხილავთ, მაგრამ ბავშვის მდგომარეობიდან გამომდინარე, ამ ეტაპზე ბავშვის გაწერა იქნება აუცილებელი. არც ერთი პარამეტრი, რომელიც ახლა პაციენტს აქვს, არ საჭიროებს კლინიკაში მეთვალყურეობას. არ სჭირდება მას ექიმის ყოველდღიური მეთვალყურეობა, არ სჭირდება გადასხმები, რომელიმე ლაბორატორიული მაჩვენებლის განმეორებით შეფასება. ყველაფერი აქვს ნორმაში. ბავშვი შეესაბამება ბინაზე გაწერის ყველა კრიტერიუმს და მშობლებთან ყველა საკითხი განხილული გვაქვს. ბინაზე გაწერა არ ნიშნავს, რომ ჩვენ ამ ბავშვთან დავამთავრეთ მეთვალყურეობა. მონიტორინგი მომდევნო პერიოდშიც იქნება საჭირო. მონიტორინგში ვგულისხმობ პედიატრისა და ნევროლოგის პერიოდულ შეფასებას. ჩვენ შევთანხმდით, რომ პირველი ასეთი შეფასება ერთი თვის შემდეგ მოხდება. გეთანხმებით იმაში, რომ მშობლებს ჰქონდათ გარკვეული წუხილი ბინაზე გაწერასთან დაკავშირებით, მაგრამ ყველა დეტალი განხილულია დედასთან, მამასთან და ოჯახის წევრებთან წევრებთან ერთად და ვფიქრობ, ბავშვისთვის ყველაზე კარგი არის ბინაზე მეთვალყურეობა, ბინაზე მოვლა, კვების უზრუნველყოფა. ერთი თვის შემდეგ ჩვენ ხელმეორედ ჩავატარებთ ბავშვის დეტალურ შეფასებას,“ – განაცხადა ჩხაიძემ.

ცნობისთვის, ახალშობილის ოჯახი ბათუმის ერთ-ერთ კლინიკას გაუფრთხილებლობაში ადანაშაულებს. ახლობლები ეჭვობენ, რომ ჩვილს კლინიკაში თავზე ტრავმა მიაყენეს. ჯანდაცვის სამინისტროს რეგულირების სააგენტომ აღნიშნულ საქმეზე შესწავლა დაიწყო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები