„ჩვენ მხოლოდ პატარა კოცონი დავანთეთ, დიდი ცეცხლი ახლა სტრასბურგში უნდა გაჩაღდეს, რომ ევროპული გულებიც აინთოს” – ვინ იყო მიხეილ მუსხელიშვილი

მიხეილ მუსხელიშვილი იურისტი, მეცნიერი, საერთაშორისო სამართლის დარგის სპეციალისტი, საზოგადო მოღვაწე, ევროპის ხალხთა კონგრესის პრეზიდენტი, ევროპის ფედერალისტური მოძრაობის ცენტრალური კომიტეტის წევრი, ევროპული ფორმაციის ინტერნაციონალური ცენტრის ბიუროს ვიცე–პრეზიდენტი, სპორტსმენი, მთამსვლელი და „აკადემიური პალმის“ ჯილდოს კავალერი გახლდათ. ის დაიბადა თბილისში, ცნობილი ოფთალმოლოგის ვახტანგ სოლომონის ძე მუსხელიშვილისა და ნატალია მირზაშვილის ოჯახში.

1921 წელს 18 წლის ასაკში მიხეილ მუსხელიშვილი საზღვარგარეთ სასწავლებლად გაემგზავრა. უმაღლეს განათლებას გეტინგენის, მიუნხენის, ლიონის, პარიზის სასწავლებლებში დაეუფლა. 1932-1933 წლებში, უკვე მიშელ მუსხელად მონათლული, მოღვაწეობდა პარიზის უნივერსიტეტის საერთაშორისო გამოკვლევათა უმაღლეს ინსტიტუტში, 1935-1948 წლებში კი, კაიროს სამართლის ფრანგული სკოლისა და კაიროს უნივერსიტეტის პროფესორი იყო. 1948 წლიდან გარდაცვალებამდე სტრასბურგის უნივერსიტეტის სამართლის, პოლიტიკურ და ეკონომიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის საერთაშორისო საჯარო სამართლის კათედრას განაგებდა. მიხეილ მუსხელიშვილი გახლდათ სტრასბურგის უნივერსიტეტის საბჭოთა კავშირისა და აღმოსავლეთ ქვეყნების კვლევის ცენტრის (რომელსაც ახლაც მუსხელის ცენტრი ჰქვია) დამაარსებელი და უცვლელი დირექტორი.

1948-1951 წლებში მიხეილ მუსხელიშვილმა დააარსა საუნივერსიტეტშორისო ფედერაცია და იყო მისი პრეზიდენტი. 1954 წლიდან კი, ორჯერ აირჩიეს ევროპის უნივერსიტეტთა ასოციაციის გენერალურ მდივნად.

სწორედ მიხეილ მუსხელიშვილი იყო, ასევე, ერთ–ერთი იმ ქართველთაგანი, რომლებიც ევროკავშირის შექმნასა და ევროპის ქვეყნებს შორის საზღვრების წაშლას ქადაგებდნენ. მან გაუსწრო დროს და ევროკაშირისა თუ ევროგაერთიანების იდეით აღტაცებულმა მრავალი ნაშრომი უძღვნა ევროპულ ფედერალიზმსა და ფედერალისტურ მოძრაობას. მის უკანასკნელ მონოგრაფიას „ფედერალური სტრუქტურები“ ერქვა.

1950 წლის 6 აგვისტოს სტრასბურგში, ევროკონფერენციის გახსნის წინადღეს ევროპის 8 ქვეყნის 300-მა სტუდენტმა, ევროგაერთიანების მხურვალე ინიციატორის, მიშელ მუსხელისა და კიდევ სამი სხვა პროფესორის წინამძღოლობით, მოშალა საფრანგეთ–გერმანიის სასაზღვრო ინფრასტრუქტურა და აღმართა ერთიანი ევროპის დროშა. „ჩვენ მხოლოდ პატარა კოცონი დავანთეთ. დიდი ცეცხლი ახლა სტრასბურგში უნდა გაჩაღდეს, რომ ევროპული გულებიც აინთოს”, – უთქვამს მაშინ მიშელ მუსხელს…

მიხეილ მუსხელიშვილი იტალიის ალპებში, აოსტას ხეობაში, მწვერვალ სევინის (3378 მ.) დაპყრობის შემდეგ დაშვებისას გადაიჩეხა. 61 წლის პროფესორის ტრაგიკულ აღსასრულს ფართო გამოხმაურება მოჰყოლია მთელს ევროპულ პრესაში, კერძოდ, ისეთ გავლენიან ფრანგულ გაზეთებში, როგორიც „მონდი“ და „ფიგაროა“. აი, ზოგიერთი ამონარიდი:

„პირადი ვაჟკაცობა და შემართება, გასაოცარი ენთუზიაზმი, ინტელექტუალური სიმდიდრე შეადგენდა, ხასიათის სიძლიერესა და ნებისყოფის სიმტკიცესთან ერთად, ამ შესანიშნავი პიროვნების თვისებებს.”

„უნივერსიტეტთა სამყაროსათვის, ევროპულ მოძრაობათათვის ეს აუნაზღაურებელი დანაკლისია.”

„მიშელ მუსხელის დაკრძალვამ გვიჩვენა, თუ რა დიდი პატივისცემითა და სიყვარულით სარგებლობდა იგი კოლეგებსა და სტუდენტებში.”

„მისი სახით, ჩვენ დავკარგეთ ნათელი ნიჭისა და მაღალი კვალიფიკაციის პროფესორი, სულიერებით, კეთილშობილებით, გონიერებით გამორჩეული…”

მიშელ მუსხელის გარდაცვალების წლისთავზე ორი რომაელი სტუდენტი ასულა მონბლანზე და ერთიანი ევროპის დროშა აუფრიალებია. …და ეს აქტი საყვარელი სტრასბუგელი პროფესორის ხსოვნისადმი მიუძღვნიათ…

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები