ჯოშუა სლოკუმი – კაცი, რომელმაც დედამიწას ნავით მარტომ შემოუარა
1895 წლის 24 აპრილს 51 წლის კაპიტანმა, ჯოშუა სლოკუმმა, საკუთარი ხელით აღდგენილი 11-მეტრიანი იალქნიანი ნავით, სახელად — Spray, ბოსტონის ნავსადგური დატოვა და გეზი უცნობი მიმართულებით აიღო. მისი მიზანი იყო ის, რაც მანამდე არავის გაუბედავს — დედამიწის ირგვლივ მარტო მოგზაურობა.
სლოკუმმა, თითქმის, სამი წელი გაატარა ზღვაში, გაიარა, დაახლოებით, 46 000 მილი და გადალახა მსოფლიოს ყველა მთავარი ოკეანე. ნავიგაციისთვის მას არ ჰქონდა არც თანამედროვე კომპასი და არც GPS — კურსს მხოლოდ ტრადიციული მეთოდებით ადგენდა. Spray ისე კარგად იყო დაბალანსებული, რომ ღამით სლოკუმი ხშირად უპატრონოდ ტოვებდა იალქნებს და თვითონ ისვენებდა.
საკვების მარაგი მარტივი და მოკრძალებული იყო: მარილიანი თევზი, გამხმარი ბისკვიტები, მარცვლეული და რამდენიმე სახის კონსერვი. გზაში ხშირად იჭერდა ახალ თევზს, ზოგჯერ კი, ზღვის ტალღით გემბანზე გადმომხტარ თევზსაც აგროვებდა. კარტოფილი მალევე გაუფუჭდა, რის გამოც ვიტამინების ნაკლებობა აწუხებდა. ხანგრძლივი შტილები ან ძლიერი შტორმები აიძულებდა, საკვები მაქსიმალურად ეკონომიურად გამოეყენებინა, მარაგებს კი, ნავსადგურებში შესვლისას ადგილობრივ ბაზრებში ავსებდა.
მოგზაურობა სავსე იყო საფრთხეებით. ატლანტისა და წყნარი ოკეანის შტორმებმა არაერთხელ დააზიანეს იალქნები და ნავის კორპუსი. ერთხელ მეკობრეებსაც შეეფეთა, თუმცა ჭკუა იხმარა, ისინი მოატყუა და თავის დაღწევა შეძლო. ყველაზე მძიმე გამოცდა მაინც მარტოობა გახლდათ: ათასობით მილი ისე გაიარა, რომ მისი თანამგზავრი მხოლოდ ზღვის ხმა და საკუთარი ფიქრები იყო.
1898 წლის 27 ივნისს, თითქმის, სამწლიანი მოგზაურობის შემდეგ ჯოშუა სლოკუმმა ნიუპორტის ნავსადგურში შეცურა. მისი თავგადასავალი ისტორიაში შევიდა, როგორც პირველი დადასტურებული შემთხვევა, როცა ადამიანმა იალქნიანი ნავით დედამიწა მარტომ შემოიარა. დღესაც მისი ისტორია შთაგონებად რჩება ყველასთვის, ვინც სჯერა, რომ გამბედაობა, გამძლეობა და საკუთარი ძალების რწმენა საუკეთესო ნავიგატორი და საიმედო კომპასია.