დონალდ ტრამპ უმცროსი: ჩარლი კირკი დემოკრატებისთვის საფრთხეს წარმოადგენდა
აშშ-ის პრეზიდენტის შვილის, დონალდ ტრამპ უმცროსის განცხადებით, შეერთებულ შტატებში გარდაცვლილი კონსერვატორი პოლიტიკოსი და აქტივისტი ჩარლი კირკი დემოკრატებისთვის საფრთხეს წარმოადგენდა.
მისი თქმით, კირკი თავისი პოლიტიკური ოპონენტების დღის წესრიგს ეფექტურად ებრძოდა.
„ის საფრთხეს წარმოადგენდა, რადგან წარმოუდგენლად ეფექტური იყო მათი დღის წესრიგის განადგურებაში… როდესაც მემარცხენეები ხვდებიან, რომ აგებენ, ძალადობას მიმართავენ“, – განაცხადა ტრამპ უმცროსმა Fox News-თან ინტერვიუში.
როგორც მან აღნიშნა, ჩარლი კირკი ყოველდღიურად სიმართლის თქმით იყო დაკავებული.
„ჩარლის დანაშაული ის იყო, რომ ის საუბრობდა ღმერთზე, ოჯახზე, ქვეყანაზე და ყველაფერზე, რასაც დემოკრატები კრძალავენ“, – დასძინა ამერიკელი ლიდერის შვილმა.
შეგახსენებთ, რომ კონსერვატორ აქტივისტს, ჩარლი კირკს 10 სექტემბერს, იუტა ველის უნივერსიტეტში გამართულ ღონისძიებაზე ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს. ის საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მიყენებული ჭრილობის შედეგად მალევე დაიღუპა.