ჩარლი კირკის მეუღლე: წარმოდგენა არ გაქვთ, რა გააჩაღეთ ამ ქვეყანასა და მსოფლიოში; მოძრაობა, რომელიც ჩემმა ქმარმა ჩამოაყალიბა, არ მოკვდება, მე უარს ვამბობ, რომ ეს მოხდეს
მოკლული ამერიკელი კონსერვატორი აქტივისტის, ჩარლი კირკის მეუღლემ, ერიკა კირკმა პირველი საჯარო განცხადება გააკეთა ქმრის მკვლელობის შემდეგ.
ერიკა კირკის თქმით, ჩარლი იყო პიროვნება, რომელმაც თავისი სიცოცხლე გაწირა ქვეყნისა და შვილებისთვის.
„ჩემი ქმრის მკვლელობაზე პასუხისმგებელ ბოროტმოქმედებს წარმოდგენა არ აქვთ, რა ჩაიდინეს. მათ ჩარლი მოკლეს, რადგან ის პატრიოტიზმს, რწმენასა და ღვთისნიერ სიყვარულს ქადაგებდა. მათ, ყველამ, უნდა იცოდნენ, თუ ადრე გეგონათ, რომ ჩემი ქმრის მისია ძლიერი იყო, წარმოდგენა არ გაქვთ, რა გააჩაღეთ ახლა მთელ ამ ქვეყანასა და მსოფლიოში. წარმოდგენა არ გაქვთ, რა ცეცხლი აანთეთ მის ცოლში, მისი ქვრივის ხმა მთელ მსოფლიოში საბრძოლო შეძახილივით გავრცელდება. ყველას, ვინც გვისმენს მთელ ამერიკაში, მოძრაობა, რომელიც ჩემმა ქმარმა ჩამოაყალიბა, არ მოკვდება. მე უარს ვამბობ, რომ ეს მოხდეს. ის არ მოკვდება“, – განაცხადა ერიკა კირკმა.
მან მადლობა გადაუხადა ვიცე-პრეზიდენტს ჯეი დი ვენსს და მის მეუღლეს მათი სიყვარულისა და მხარდაჭერისთვის, ასევე პრეზიდენტ ტრამპსა და მის ოჯახს.
„ბატონო პრეზიდენტო, ჩემს მეუღლეს უყვარდით და მან იცოდა, რომ თქვენც გიყვართ ის. თქვენი მეგობრობა გასაოცარი იყო. თქვენ მას მხარს უჭერდით ისე ძლიერ, როგორც ის თქვენ“, – განაცხადა ერიკა კირკმა.
შეგახსენებთ, რომ ამერიკელი კონსერვატორი აქტივისტი ჩარლი კირკი 10 სექტემბერს, იუტის შტატის ერთ-ერთი უნივერსიტეტის კამპუსში სტუდენტებთან შეხვედრისას ცეცხლსასროლი იარაღიდან ყელის არეში დაჭრეს. რამდენიმე საათში ის საავადმყოფოში გარდაიცვალა. მის მკვლელობაში ეჭვმიტანილი 22 წლის ტაილერ რობინსონი თავდასხმიდან 33 საათის შემდეგ დააკავეს.