“ალოობა” დასრულებულია: როგორია ქართული ხორბლის მოსავალი, მარცვლეულის ხარისხი და ფასები – “ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის” ინფორმაცია
საქართველოში “ალოობა” დასრულებულია. როგორია ქართული ხორბლის მოსავალი, მარცვლეულის ხარისხობრივი მაჩვენებელი და ფასები – ამ საკითხებთან დაკავშირებით, მედიაჰოლდინგ “კვირას” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე “საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის” აღმასრულებელმა დირექტორმა, ლევან სილაგავამ ისაუბრა.
როგორც სილაგავამ აღნიშნა, ხარისხის მიხედვით, არასასურსათო, ანუ საფურაჟე ხორბლის რაოდენობა უფრო მეტი გამოვიდა, იქიდან გამომდინარე, რომ დასაწყისშივე ამინდებმა ხარისხიანი ხორბლის მოყვანას ხელი არ შეუწყო.
წელს “ალოობა”, ანუ ხორბლის აღების, დაბინავების და გაყიდვის კამპანია დასრულებულია. ბოლო შემაჯამებელი ტენდენცია ჩვენ, ჯერჯერობით, მაინც არ ვიცით, ეს, ალბათ, იმ კვირის ბოლოს გვეცოდინება, როდესაც შემაჯამებელი სხდომა გაემართება. იცით, რომ სოფლის მეურნეობის სამინისტროში შექმნილია შტაბი, სადაც პურის, ფქვილის და ხორბლის მწარმოებლები არიან. აქ გამოიკვეთება რა რაოდენობის ხორბალია მოსული, რა რაოდენობის ხორბალია ჩაბარებული, როგორც სასურსათო, ისე არასასურსათო, რა რაოდენობის ხორბალია შენახული ფერმერების მიერ, რადგან ყველა ამ ფაქტორების მიხედვით ე.წ. ბალანსი ყალიბდება, რათა ჩვენ ვიცოდეთ, საბოლოოდ როგორ ჩატარდა ეს ყველაფერი.
თუმცა, წინასწარი მონაცემები შემიძლია, გითხრათ: როდესაც ხორბლის მოსავლის აღება იწყებოდა, რეალურად დაანონსდა, რომ საქართველოში, დაახლოებით, 200 000 ტონა ხორბალს ელოდებოდნენ. ეს იყო სასურსათო და არასასურსათო ხორბალი. თუმცა, აქვე მინდა, აღვნიშნო, რომ ეს სტატისტიკა მიახლოებითია, რადგან ფერმერებს სტატისტიკის დეპარტამენტში [ მონაცემების ] ჩაბარების ვალდებულება არა აქვთ. ასე ითვლება: საშუალო მოსავლიანობა გამრავლებული იმ ჰექტრების რაოდენობაზე, რომელიც ხორბალისთვისაა გამოყოფილი. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ხარისხის მიხედვით, სამწუხაროდ, არასასურსათო, ანუ საფურაჟე ხორბლის რაოდენობა უფრო მეტი გამოვიდა, იქიდან გამომდინარე, რომ დასაწყისშივე ამინდებმა ხარისხიანი ხორბლის მოყვანას ხელი არ შეუწყო. შესაბამისად, ხორბალის ნაწილი არასასურსათოში გადავიდა”- განაცხადა სილაგავამ.
მისივე თქმით, ასოციაციის წევრებმა ამ პერიოდისთვის, დაახლოებით, 7- 8 000 ტონა ხორბალი ჩაიბარეს, მაშინ, როდესაც შარშან ეს მონაცემი, დაახლოებით, 25 000-ის ფარგლებში იყო.
სასურსათო ხორბალი იმ რაოდენობით არ იყო, მაგალითად, როგორც შარშან. ამან წისქვილკომბინატებში ხორბლის რაოდენობრივ ჩაბარებას , ცხადია, დაღი დაასვა. წისქვილკომბინატები სასურსათო ხორბალს იბარებენ და შესაბამისად, მიმართვიანობა ისტორიულად დაბალი იყო (რაც ჩვენ ბოლო წლებში ვიცით). ჩვენი ასოციაციის წევრებმა წელს, ამ პერიოდისთვის, დაახლოებით, 7- 8 000 ტონა ხორბალი ჩაიბარეს, მაშინ, როდესაც შარშან ეს რიცხვი, დაახლოებით, 25 000-ის ფარგლებში იყო. ამის მეორე ფაქტორია, რომ ფერმერებს ხორბლის ჩაბარების ფასი არ აწყობდათ. მათი აზრით, ჩაბარების ფასი დაბალი იყო, მაგრამ, აქვე მინდა, ვთქვა, რომ ხორბლის ჩაბარების ფასი იმპორტული, შესაბამისი ხარისხის ხორბალთან მიმართებაში ყალიბდება, ანუ რა იმპორტული ხორბლის ფასიც არის ჩვენთან (წისქვილკომბინატების მიერ შემოტანილი და რეალიზებული), ანალოგიური ხარისხის ქართული ხორბლის ჩაბარების ფასი იმას უსწორდება. ამასთან მინდა, აღვნიშნო (მათ შორის “მარცვლეულის ასოციაციაც” დაგვეთანხმა ამაში – ამას წინათ იყო მათი განცხადება): შარშანდელთან შედარებით, ჩაბარების ფასი ხუთი თეთრით მეტი იყო, ანუ შარშან 1კილო ხორბლის ჩაბარება 65 თეთრი იყო, წელს კი სასტარტო ფასი 70 თეთრი. დღესაც, დაახლოებით, ამ ფასზეა ლაპარაკი. თუმცა, ფერმერების უდიდესმა ნაწილმა ხორბალი შეინახა, დაბინავებული აქვთ და ფასის ზემოთ ზრდას ელოდებიან”,- განაცხადა ლევან სილაგავამ.
მისივე თქმით, 1 ტომარა პირველი ხარისხის ფქვილის ფასი დღეს 56-57 ლარის ფარგლებშია, რაც საკმაოდ ნორმალურ სტანდარტშია,პურის ფასთან მიმართებაში თუ შევხედავთ. როგორც სილაგავამ აღნიშნა, უახლოეს პერიოდში ფასების მკვეთრი ზრდა, მათ შორის ფქვილზე, მოსალოდნელი არაა.
რაც შეეხება მსოფლიო და რეგიონულ ბაზრებს: ფასების მატება ოდნავ შეიმჩნევა, იმიტომ, რომ რუსეთშიც , უკრაინაშიც, ევროკავშირის ქვეყნებშიც ხორბალი დაბინავდა. ამის შემდეგ ტრადიციულად, ფასების ოდნავ წამოწევა ხდება ხოლმე. ახლა ხორბლის აღება ყაზახეთში მიმდინარეობს. ყველაფერ ამის გათვალისწინებით ყალიბდება ფაქტორები, რომელიც ჩვენს ბაზარზე შესყიდვის ფასს აყალიბებს. ვნახოთ, ამ დღეების და კვირების განმავლობაში რა იქნება. საქართველოს ბაზარზე ბოლო თვეების განმავლობაში ყაზახური ხორბალი ნამდვილად საკმაოდ დიდი რაოდენობით იყო შემოსული, რასაც ხელი სუბსიდირებამ შეუწყო, რომელიც ყაზახეთის მთავრობამ ყველა მიმართულებით, მათ შორის საქართველოს მიმართულებით გამოაცხადა. ამან, ფაქტობრივად, კონკურენცია გასწია, მათ შორის რუსულ ხორბალთან. შესაბამისად, ეს ფასების დამაბალანსებელი ფაქტორი იყო. სწორედ ამიტომ ფასები დღეს არც ისე მაღალია, მათ შორის ფერმერების მიერ ხორბლის ჩაბარების ფასები. რაც შეეხება მომავალს: ყაზახეთმა გამოაცხადა, რომ სუბსიდირებას შემდეგი წლის განმავლობაში გააგრძელებს, მაგრამ აქ შემდეგი ინფორმაცია იყო, ერთი ნიუანსი: ყაზახეთის მთავრობამ ერთი წლის განმავლობაში რეალიზებულ, საექსპორტო ხორბალზე სუბსიდირების გაცემა მთლიანად ვერ დაამთავრა. ანუ, სუბსიდირების ნაწილი გაცემულია, საკმაოდ დიდი ნაწილი კი გაცემული არაა. დღესდღეობით, ყაზახი ექსპორტიორები უკვე ფრთხილობენ, ექსპორტი მეორე ეტაპზე განახორციელონ. აქედან გამომდინარე ყაზახეთის მხრიდან პაუზაა აღებული. ჩვენ, დაახლოებით, ალბათ, ერთ თვეში ვნახავთ, რა იქნება რეალური: იქნება შემდგომი, ახალი სუბსიდირება თუ ნუ იქნება იმ ძველი სუბსიდირების გაცემა ყაზახი ექსპორტორების მიმართ.
რაც შეეხება ფასებს და იმ კითხვას, თუ რა იქნება საშემოდგომოდ ფქვილისა და ხორბლის ფასი. გითხარით, რომ ფასები ოდნავ წამოწეულია და ტენდენცია მიმდინარეობს. ამასთან, რუსეთიდან საექსპორტო გადასახადის მატება ხდება და აქედან გამომდინარე, ჩვენ, შეიძლება, ვივარაუდოთ, რომ ოდნავ ფასების მატებაც მოხდეს.
რაც შეეხება ფქვილის ფასს, 1 ტომარა, პირველი ხარისხის ფქვილის ფასი დღეს 56-57 ლარის ფარგლებშია, რაც საკმაოდ ნორმალურ სტანდარტშია, პურის ფასთან მიმართებაში თუ შევხედავთ. ეს სტაბილურობას უზრუნველყოფს. ამ პერიოდში და უახლოეს პერიოდებში ფასების მკვეთრ ზრდას არ ველოდებით, მათ შორის ფქვილზე, შესაბამისად, ფქვილიდან გამომდინარე, პურთან მიმართებაში, არ მგონია, რომ გამოწვევები იყოს”- განაცხადა ლევან სილაგავამ.
თამუნა შეყილაძე