ახმეტაში გაატარა ბავშვობა. დედა პედაგოგი იყო, მამა სოფლის მეურნეობის მუშაკი, მევენახე აგრონომი. დამთავრებული ჰქონდა ფოთის საზღვაო ტექნიკუმიც. ზღვაოსნობა იტაცებდა.
დედა ქისტაურის რაფიელ ერისთავის საშუალო სკოლაში მუშაობდა. მანაც 1977 წელს ეს სკოლა დაამთავრა.
სკოლასთან ერთად დაამთავრა მუსიკალური სკოლის შვიდწლედი, ფორტეპიანოს განხრით. შემდეგ ჩაირიცხა თელავის პედაგოგიური ინსტიტუტის (ახლანდელ უნივერსიტეტში) დაწყებითი განათლების პედაგოგიკა – მეთოდიკის ფაკულტეტზე, რომელიც 1983 წელს დაამთავრა. ამავე წელს შექმნა ოჯახი.
1986 წელს მუშაობა დაიწყო სიონის საჯარო სკოლაში დაწყებითი კლასების პედაგოგად. 2013 წლიდან გადავიდა ბოჭორმის საჯარო სკოლაში.2019 წლიდან აღნიშნულ სკოლაში იყო დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი. შარშანდლიდან კი დირექტორის პოზიციაზეა.
ორივე სკოლაში ეწევა აქტიურ პედაგოგიურ მოღვაწეობას, რადგან უზომოდ უყვარს თავისი პროფესია.
სხვადსხვა დროს საბავშვო ბაღშიც მუშაობდა, მუსიკის მასწავლებლადაც. აქტიურად არის ჩართული სასკოლო ტრენინგებში. – ბოჭორმის საჯარო სკოლის დირექტორის, ქეთევან ბეღანაშვილის პერსონა.
– ყველაფერი შედარებითია, გავიზარდე საშუალო შეძლების ოჯახში. დედას უყვარდა ხელსაქმე, მიკითხავდა საბავშვო ლიტერატურას, სანამ კითხვას ვისწავლიდი. მახსოვს, მამამ ბაჭია რომ მიყვანა ჯიბით, უბედნიერესი ვიყავი, მამა ყოველთვის მარიგებდა: „მიმბაძველი იყავი და არა შურიანი; ხერხი იყავი და არა ხელეჩო“. – დღემდე მახსოვს.
– რატომ აირჩიეთ პედაგოგის პროფესია?
– დღესაც რომ თავიდან იწყებოდეს, იგივე პროფესიას ავირჩევდი. ძალიან მიყვარს ბავშვები და მათთან მუშაობა. შეიძლება ეს დედის გავლენაც იყო. დედა ნახევარი საუკუნე ემსახურა სკოლას.– აქტიურ პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწევით. რას გაიხსენებთ თქვენი მოღვაწეობიდან?
– მახსენდება ერთი ბავშვი, ანუ სხვა კლასის მოსწავლე ეუბნება, ჩემი სადამრიგებლო კლასის ბავშვს: ჩვენი კლასის ხელმძღვანელი ქეთინო მასწავლებელი რომ იყოს, კლასებს შორის შეჯიბრებას ჩვენ მოვიგებდითო.
ეს სიტყვები დღემდე მახსოვს. ყველა ღონისძიებაზე სცენარებს ვწერდი და დიდად ვემზადებოდით. რა თქმა უნდა, სამადლობელსაც ვიღებდით.
– თიანეთის სკოლებს შორის წარმატებულ სკოლათა რიცხვში სამი სკოლიდან ერთ – ერთი ბოჭორმის სკოლაც არის. რა არის ამ წარმატების საიდუმლო?
– პირველ რიგში, უბრალოება, კოლეგიალობა (არ მიყვარს ბრძანებები). დირექტორობა ჩემთვის უფრო მეტად პასუხისმგებლობაა და არა პრესტიჟი. უბრალოდ დირექტორობის პერიოდში ბევრი ძალიან ძვირფასი, საინტერესო ადამიანი გავიცანი, რომელთა გვერდით ყოფნა ჩემთვის ძალიან დიდი პატივია.
– დაჯილდოვდით პროექტისთვის – „ვაჟა-ფშაველას ქალიშვილების – თამარისა და მარიამის საფლავების მოვლა-პატრონობა“. ეს პროექტი პედკოლექტივთან ერთად განახორციელეთ…
– ეს დიდი ამბავია. მოკლედ მოგიყვებით. ჩემი კოლეგა (ყოფილი ემიგრანტი) ესაუბრა საბერძნეთში მეგობარს, რომელმაც გულის ტკენით შესჩივლა, რომ საბერძნეთში ქართველებისთვის გაზეთ „ელადაში“ დაიბეჭდა, რომ თიანეთში, კერძოდ, ერწოს ტერიტორიაზე დაკრძალული იყო ვაჟა-ფშაველას ქალიშვილი თამარი, და არ ვიცით, სადავო. ეს ამბავი მომიყვა ჩემმა კოლეგა ქალბატონმა მერცია წიკლაურმა და დიდად ანუგეშა მეგობარი ემიგრანტი, რომ მას ჰყავდა დირექტორი, რომელსაც უყვარს ასეთი საქმეები. და რომ ამ პრობლემას აუცილებლად მოვაგვარებდით.
მართლაც, საუცხოო გამოვიდა (სიმართლე გითხრათ, თავის წარმოჩენაზე არ მიფიქრია, უბრალოდ ასე გამოვიდა).
შემდეგ გვითხრეს, რომ მარიამიც დასთან ყოფილა სტუმრად და იქ გარდაცვლილა. შემდეგ ის მოვიძიეთ. პერიოდულად ვუკავშირდებოდი ვაჟა-ფშაველას შთამომავალს გორში, მინდია გოდერძიშვილს. და ასე დავაგვირგვინეთ ლამაზად.
საფლავზე წელიწადში ორჯერ გავდივართ. ოქტომბრის 23-ში და თამარობას, 14 მაისს.– ბოჭორმაც, სამწუხაროდ, იმ სოფელთა რიცხვშია, რომელიც ცარიელდება. სკოლის კონტინგენტიც მცირეა… სულ 7 მოსწავლე სწავლობს…
– სამუშაო ადგილები არ არის, ინფრასტრუქტურა მოსაწყობი. სოფელში ერთი პატარა სავაჭრო ცენტრი, ბიბლიოთეკა და სკოლაა, რომელიც დაიწვა და მეხუთე სასწავლო წელია ალტერნატიულ ფართში ფუნქციონირებს. ამიტომ მოსწავლეთა რაოდენობამაც იკლო. სოფელს წყალი უჭირს, კი დაიგეგმა ჭაბურღილები, ალბათ გაკეთდება. დაგეგმილია სოფლის სპორტული სტადიონის მშენებლობაც. ვნახოთ…– პედაგოგის უმთავრესი პრობლემა?
– პედაგოგს საერთოდ არაფრის უფლება აქვს, ვერც კი საყვედურობს ბავშვს. თან ეს იცის მოსწავლემ და… ჩვენი სკოლის გასაჭირი კი იცით, მოლოდინის რეჟიმში ვართ…
– მომავალი თაობის სწავლა-აღზრდის საკითხი… რაზე უნდა გამახვილდეს ყურადღება?
– მასწავლებელს დაუბრუნდეს უფლებები;
სკოლაში ისწავლებოდეს რელიგიის ისტორია;
სრულად გავაცნოთ ბავშვებს ჩვენი სამშობლოს წარსული – როგორ მოვედით აქამდე.
– ოჯახი..
– ოჯახი ჩემთვის პრიორიტეტია. მყავს მეუღლე ჯემალ (გურამ) ლაღიძე, რომელიც სოფლის, ოჯახის ექიმი თერაპევტია. ორი დაოჯახებული ქალიშვილი, 3 შვილიშვილი.
– ჰობი…
– მოგზაურობა, ლაშქრობა – ღონისძიებები.
– ოცნება, რომელიც ვერ აგისრულდათ…
– მინდოდა, მენახა ვენეცია.
– სამომავლო გეგმები…
– დაგეგმილი გვაქვს პროექტი „წმინდა ნინოს ნატერფალებზე“. ჩვენთან არის ორი ჟალეთი – ძველი და ახალი. ახალი ჟალეთი მისასვლელი გზის მინიშნებები და ბანერი.
„სადაც წმინდა ნინომ იქადაგა, წავიდა კუხეთს“, როგორც ვიკიპედიაშია მოთხრობილი.
თამარ შაიშმელაშვილი