დიდებული საცავი, რომელიც საუკუნეების ცოდნას ინახავდა — როგორ განადგურდა ალექსანდრიის ბიბლიოთეკა
ალექსანდრიის ბიბლიოთეკა, რომელიც ძველ სამყაროში ცოდნის სიმბოლოდ იქცა, დღემდე ერთ-ერთ ყველაზე დიდ და ამავე დროს საიდუმლოებით მოცულ კულტურულ მემკვიდრეობად ითვლება. იგი დაარსდა ძვ. წ. III საუკუნეში, როდესაც ალექსანდრე მაკედონელის მიერ დაფუძნებული ქალაქი სწრაფად იქცა ხმელთაშუაზღვისპირეთის ინტელექტუალურ და სავაჭრო ცენტრად. პტოლემე I-ისა და მისი მემკვიდრეების მიზანი ბიბლიოთეკაში მთელი მსოფლიოს ცოდნის თავმოყრა იყო. ცნობების მიხედვით, ბიბლიოთეკამ ათასობით გრაგნილი და ხელნაწერი მოიცვა, რომელთა შორისაც ინახებოდა ბერძნული, ეგვიპტური, ბაბილონური, ინდური და სხვა კულტურების ტექსტები.
ანტიკური ავტორები ადასტურებენ, რომ იგი გახლდათ უზარმაზარი საცავი, სადაც მეცნიერები, ფილოსოფოსები და მწერლები ერთად იკრიბებოდნენ. ამბობენ, რომ ყველა გემს, რომელიც ალექსანდრიის ნავსადგურში შედიოდა, ხელნაწერები ჩამოერთმეოდა, რათა ისინი გადაეწერათ და შემდგომ მფლობელებისთვის დაებრუნებინათ. ეს პროცესი საშუალებას აძლევდა ბიბლიოთეკას, თანდათანობით მოეძებნა ცოდნის თითქმის ყველა ხელმისაწვდომი წყარო.
მისი განადგურების საკითხი ერთ-ერთი ყველაზე სადავო თემაა. ძველი წყაროების მიხედვით, პირველი დიდი ზიანი ბიბლიოთეკამ ძვ. წ. 48 წელს მიიღო, როდესაც ეგვიპტეში გაჩაღდა ომი, რომელშიცნ იულიუს კეისარი კლეოპატრას სასარგებლოდ ჩაერთო მისი ძმისა და მოწინააღმდეგის, პტოლემე XIII-ის წინააღმდეგ. ბრძოლები ალექსანდრიაში მიმდინარეობდა, მათ შორის, ქალაქის ნავსადგურშიც. ბრძოლის დროს, კეისრის ჯარებმა გემები დაწვეს, რათა მტრის ფლოტს არ მისცემოდა ალექსანდრიის საზღვაო ძალების გამოყენების საშუალება. ისტორიული წყაროების თანახმად, ცეცხლი ნავსადგურიდან ქალაქში გავრცელდა. სწორედ მაშინ, როგორც ზოგიერთი ანტიკური ავტორი წერს (მაგ. პლუტარქე, კასიუს დიონი), ცეცხლი ბიბლიოთეკასაც შეეხო და ნაწილობრივ გაანადგურა იქ დაცული გრაგნილები.
თუმცა, თანამედროვე ისტორიკოსები ამბობენ, რომ სრული განადგურება მაშინვე არ მომხდარა. ბიბლიოთეკა დაზიანდა, მაგრამ შემდგომში კიდევ არსებობდა და ფუნქციონირებდა.
შემდგომ საუკუნეებში რამდენიმე ასეთი ეპიზოდი კიდევ ფიგურირებს. ერთ-ერთ ცნობაში, რომელიც III საუკუნის იმპერატორ აურელიანეს დროს უკავშირდება, მოხსენიებულია ალექსანდრიის ქალაქის ნაწილის განადგურება, სადაც შესაძლოა ბიბლიოთეკის ნაშთები ყოფილიყო. მოგვიანებით, IV საუკუნეში, ქრისტიანული დაპირისპირებებისას, სერაპისის ტაძართან დაკავშირებული ბიბლიოთეკის ნაწილი შესაძლოა განადგურდა. ზოგიერთი წყარო VII საუკუნის არაბთა ალყას უკავშირებს საბოლოო განადგურებას, თუმცა თანამედროვე მეცნიერები სკეპტიკურად უყურებენ ამ ვერსიას და მიიჩნევენ, რომ იმ დროისთვის ბიბლიოთეკის დიდება უკვე დიდი ხნის დასრულებული იყო.
დღეს ისტორიკოსთა დიდი ნაწილი თანხმდება, რომ ალექსანდრიის ბიბლიოთეკა ერთ კონკრეტულ შემთხვევას არ უმსხვერპლია. იგი თანდათანობით განადგურდა სხვადასხვა პოლიტიკურ, რელიგიურ და სოციალურ ქარტეხილებში. მიუხედავად ამისა, მისი ხსოვნა ისე გამყარებულია კულტურულ მეხსიერებაში, რომ ალექსანდრიის ბიბლიოთეკა იქცა არა მხოლოდ დაკარგული ცოდნის, არამედ რწმენის სიმბოლოდ, რომ წიგნებსა და ცოდნას შეუძლია, ქალაქებისა და ცივილიზაციების გადარჩენა.