„საქართველოვ, შენ ვინ მოგცა შვილი დასაკარგავი“ – როგორია ირინა სხირტლაძის ნამდვილი ისტორია

1940 წელს კატინის ტყეში დახვრეტილი პოლონეთის არმიის საკონტრაქტო ოფიცრის, კაპიტან არკადი სხირტლაძისა და იანინა კიჩინსკა-სხირტლაძის უფროსი ქალიშვილი ირინა 1928 წლის 7 აპრილს დაიბადა ლვოვში. 1943 წლის ბოლოს, როდესაც მამამისი ცოცხალი აღარ იყო, ირინა დედასთან და უმცროს დასთან ერთად ვარშავაში გადავიდა. გერმანელთა მიერ ოკუპირებულ ვარშავაში ირინას მოუძებნია ქართველი ქალი და მასთან დადიოდა ქართული ენის უკეთ შესასწავლად.

ირინა სხირტლაძე, როგორც საკონტრაქტო ოფიცრის შვილი, არ იყო ვალდებული, მონაწილეობა მიეღო ვარშავის აჯანყებაში. მიუხედავად ამისა, მამაცი ქალიშვილი აქტიურად ჩაება ანტიფაშისტურ მოძრაობაში. 1944 წლის აგვისტოში, ვარშავის აჯანყების დაწყების პირველივე დღეებში, ირინა – ფსევდონიმით, „ირკა“ – პოლონეთის წინააღმდეგობის არმიაში მოხალისედ ჩაეწერა. იგი „პარასოლის“ ბატალიონის მეკავშირე და სანიტარი იყო. მან ბატალიონთან ერთად ბრძოლის მთელი გზა განვლო ვარშავის ვოლას უბნიდან ძველი ქალაქის გავლით ცენტრამდე და ჩერნიაკოვამდე.

1944 წლის 14 სექტემბერს 16 წლის ირინა სხირტლაძე სოლეჩის უბანში, ლუდნას ქუჩაზე გერმანელთა ტყვიამ იმსხვერპლა, როდესაც ის მძიმედ დაჭრილი ბატალიონის უფროსისთვის დახმარების აღმოჩენას ცდილობდა. 1944 წლის 12-14 სექტემბერს სწორედ ვარშავის ამ უბანში მიმდინარეობდა გააფთრებული შეტაკებები აჯანყებულებსა და გერმანელებს შორის.

ირინა სხირტლაძე დაჯილდოებულია მედლით „მამაცთა ჯვარი“, რომელიც 1920 წელს დააწესა პოლონეთის დაცვის საბჭომ და რომელიც ენიჭება მათ, ვინც სიმამაცესა და გამბედაობას გამოიჩენს უშუალოდ ბრძოლის ველზე. ბატალიონ „პარასოლის“ სხვა ჯარისკაცებსა და სანიტრებთან ერთად, იგი დაკრძალულია ვარშავის პოვონზკის სამხედრო სასაფლაოზე.

2011 წლის 14 სექტემბერს, ირინა სხირტლაძის დაღუპვიდან 67 წლის შემდეგ ვარშავის პოვონზკის სამხედრო სასაფლაოზე გაიმართა ვარშავის აჯანყების გმირი ქართველი გოგონას ხსოვნისადმი მიძღვნილი ცერემონია. დებლინის საავიაციო სკოლის, „არწივის მართვეების“ კურსანტებმა, სადაც ირინას მამა კაპიტანი სხირტლაძე პოლონელ მფრინავებს წვრთნიდა, ყვავილებით შეამკეს „ირკას“ საფლავი და მის ხსოვნას პატივი მიაგტეს..

1977 წლის ივლისში ირინას დედა – იანინა და უმცროსი და – ქრისტინა – მეუღლესა და ვაჟთან ერთად, საქართველოს ეწვივნენ. მათ გაიცნეს ქვეყანა, რომლის ნახვა ირინას აუხდენელ ოცნებად დარჩა.

ირინა სხირტლაძეს მიუძღვნა პოეტმა, ჯანსუღ ჩარკვიანმა თავისი ცნობილი ლექსი „ირინოლა“ .

მართლა მჯიღისხელა თუ ხარ, შენი მჯიღის ჭირიმე,
რად არ წუხხარ, რად არ წუხხარ, რად არ წუხხარ ირინეს.

მიწა დასწვეს იმის ცოდვით, ზეცა გაახირიმეს,
ვინ იცნობდით, ვინ იცნობდით, ვინ იცნობდით ირინეს.

გამოცხვება კვერი ობლის, გაუყუჩებთ ტკივილებს,
ოღონდაც თქვით, ვინ იცნობდით, ვინ იცნობდით ირინეს.

მხოლოდ ცეცხლში, მხოლოდ ცეცხლში, ცეცხლში გამოიცადა,
პოლონეთში, პოლონეთშიც საქართველოს იცავდა.

აჯანყდა და მტერი ხოცა, ბინად ჰქონდა სანგარი,
საქართველოვ, შენ ვინ მოგცა შვილი დასაკარგავი…

პოვონსკაში თეთრი გორა მოუჩითავთ გვირილებს,
ირინოლა, ირინოლა, ირინოლა, ირინე.

აჯანყდა და მტერი ხოცა, ბინად ჰქონდა სანგარი,
საქართველოვ, შენ ვინ მოგცა შვილი დასაკარგავი…

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები