ეილინ უორნოსი – ყველაზე ცნობილი ამერიკელი სერიული მკვლელი ქალი

ეილინ უორნოსი 1956 წლის 29 თებერვალს ეილინ კეროლ პიტმენის სახელით დაიბადა. ეილინის დედა – დიანა უორნოსი 1954 წლის 3 ივნისს 15 წლის ასაკში გათხოვდა ლეო დეილი პიტმენზე. დაახლოებით, 2 წლის შემდეგ, ეილინის დაბადებამდე, წყვილი ერთმანეთს გაშორდა. ეილინს ჰყავდა უფროსი ძმა, სახელად კითი. მშობელ მამას ეილინი არასოდეს არ შეხვედრია, მეტიც, ლეო პიტმენი ბავშვთა მიმართ სექსუალური ძალადობისათვის გაასამართლეს. მიაჩნდათ, რომ იგი შიზოფრენიით იყო დაავადებული, ხოლო 1969 წელს მან ციხეში თავი მოიკლა.

1960 წლის იანვარს, როდესაც ეილინს, თითქმის, 4 წელი შეუსრულდა, დიანამ შვილები ბებიასა და ბაბუას მიაბარა. 1960 წლის 18 მარტს მათ ეილინი და კითი იშვილეს. 11 წლის ასაკში სიგარეტების, ნარკოტიკებისა და საკვების სანაცვლოდ, სკოლაში სექსუალურ კავშირს ამყარებდა. აგრეთვე, სექსუალურ ურთიერთობაში იმყოფებოდა საკუთარ ძმასთან. ეილინი ამტკიცებდა, რომ პატარა ასაკში იგი საკუთარმა ბაბუამ გააუპატიურა. ბრალდებების თანახმად, სანამ გააუპატიურებდა, მანამდე ტანსაცმლის გახდას აიძულებდა.

1970 წელს, 14 წლის ასაკში იგი დაფეხმძიმდა. იმშობიარა მარტოხელა დედებისათვის განკუთვნილ სახლში და ახალშობილი მალევე მოამზადეს შვილად აყვანისათვის. შვილის გაჩენიდან რამდენიმე თვის შემდეგ ეილინმა სკოლა მიატოვა. ამავე პერიოდში გარდაეცვალა ბებია. მოგვიანებით, სასამართლომ და-ძმა მფარველობის ქვეშ აიყვანა. როდესაც ეილინს 15 წელი შეუსრულდა, ბაბუამ იგი სახლიდან გააგდო, რის შემდეგაც ეილინი პროსტიტუციით დაკავდა.

1976 წელს მან გაიცნო 69 წლის ბიზნესმენი, რომელთანაც იქორწინა. იმავე წლის 21 ივლისს, ე.ი. დაქორწინებიდან 9 კვირის შემდეგ წყვილი ერთმანეთს გაშორდა. ამ პერიოდში არაერთხელ იყო დაპატიმრებული, ამასთანავე, ძმაც გარდაეცვალა. 1986 წელს ქალაქ დაიტონ-ბიჩში, ადგილობრივ გეი კლუბში ეილინმა გაიცნო ლესბოსელი სახელად ტირია მური, რომელთანაც ურთიერთობა დაამყარა და პროსტიტუციის გზით ნაშოვნ ფულს მასთან ერთად იყოფდა.

1989-1990 წლებში ფლორიდის შტატში მოკლა 7 ადამიანი. უორნოსი ამტკიცებდა, რომ მეძავად მუშაობისას ის მის გაუპატიურებას ცდილობდნენ და შესაბამისად, ჩადენილი მკვლელობები თავდაცვის მცდელობა იყო. მიუხედავად ამისა, იგი ყველა ეპიზოდში დამნაშავედ ცნეს და სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს. განაჩენი  ფლორიდის შტატში აღასრულეს.

ეილინ უორნოსი დააკავეს 1991 წლის 9 იანვარს. გარდაიცვალა 2002 წლის 9 ოქტომბერს ფლორიდის შტატის ციხეში, სასიკვდილო ინიექციის შედეგად. მის შესახებ გადაღებულია ფილმი „მონსტრი“.

რაც შეეხება სერიული მკვლელის მსხვერპლებს:

  1. რიჩარდ მელორი, 51 წლის, ელექტრონიკის მაღაზიის მფლობელი ფლორიდის შტატის ქალაქ კლირუოტერში. 1989 წლის 30 ნოემბერს ის უორნოსის პირველი მსხვერპლი გახდა. რიჩარდი დამნაშავედ ცნობილი მოძალადე იყო, რომელიც ეილინმა, მისივე თქმით, თავდაცვის მიზნით მოკლა. ორი დღის შემდეგ, ფლორიდის შტატის ქალაქ ვოლუსში შერიფის თანაშემწემ იპოვა მელორის მიტოვებული ავტომობილი. 13 დეკემბერს მიაგნეს მელორის სხეულს ტყიანი ადგილის სიახლოვეს. მოკლული იქნა სროლის შედეგად, რომელთაგან ორი ტყვია აღმოუჩინეს მარცხენა ფილტვში, რაც გარდაცვალების მიზეზი გახდა.
  2. დევიდ სპირსი, 43 წლის მუშაკი ფლორიდის შტატიდან. 1990 წლის 1-ელ ივნისს მისი სხეული იპოვეს მე-19 გზატკეცილზე, სიტრესში. მოკლული იქნა სროლის შედეგად (ესროლეს 6-ჯერ).
  3. ჩარლზ კარსკედენი, 40 წლის. 1990 წლის 6 ივნისს მიაგნეს მის სხეულს ფლორიდის შტატში. მოკლული იქნა 1990 წლის 31 მაისს მცირეკალიბრიანი იარაღით, სროლის შედეგად (ესროლეს 9-ჯერ).
  4. პიტერ სიმსი, 65 წლის. 1990 წლის 4 ივლისს ორანჟ-სპრინგზში იპოვეს მისი ავტომობილი. ტირია მურმა და ეილინმა სიმსის ავტომობილი მოიშორეს, მაგრამ მანქანის სახელურზე უორნოსის თითის ანაბეჭდი აღმოჩნდა.
  5. ტროი ბარესი, 50 წლის. ის ძეხვეულის გამყიდველი გახლდათ ოკალიდან. 1990 წლის 31 ივლისს დაკარგულად გამოცხადდა. 1990 წლის 4 აგვისტოს მისი სხეული იპოვეს ტყიანი ადგილის ტერიტორიაზე. მოკლული იქნა გასროლით (ესროლეს 2-ჯერ).
  6. ჩარლზ „დიკ“ ჰამფრისი, 56 წლის. მისი სხეული 1990 წლის 12 სექტემბერს იპოვეს. მოკლული იქნა სროლის შედეგად (ესროლეს 6-ჯერ).
  7. უოლტერ ჯენო ანტონიო, 62 წლის. ეილინ უორნოსის უკანასკნელი, რიგით მე-7 მკვლელობა. მოკლული იქნა 1990 წლის 19 ნოემბერს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები