სოსო არჩვაძე: “მსხვილი ტრანზაქციების განხორციელება, აჟიოტაჟი ეროვნული ვალუტის კურსზე, გარკვეულწილად მოქმედებს. ამ შემთხვევაში სწორედ ამასთან გვაქვს საქმე”

“მსხვილი ტრანზაქციების განხორციელება, აჟიოტაჟი ეროვნული ვალუტის კურსზე, გარკვეულწილად მოქმედებს. ამ შემთხვევაში სწორედ ამასთან გვაქვს საქმე” – ამის შესახებ ეკონომისტმა სოსო არჩვაძემ მედიაჰოლდინგ “კვირას” პრესკლუბში სტუმრობისას განაცხადა.

არჩვაძემ ლარის გაუფასურების ტრენდთან დაკავშირებით ისაუბრა. მისი თქმით, მაკროეკონომიკური ინდიკატორების მიხედვით, მდგომარეობა საკმაოდ პოზიტიური და დამაიმედებელია.

“ზოგადად, არა მარტო ლარის, არამედ ნებისმიერი ქვეყნის ვალუტის კურსზე რამდენიმე ფაქტორი მოქმედებს: ერთი წმინდა ეკონომიკური და მეორე სუბიექტური, ემოციური. რაც უფრო მცირე ზომისაა ქვეყანა, იქ, შეიძლება, მეორე ფაქტორმა უფრო დიდი როლი ითამაშოს. თუმცა, ამისგან არც მსხვილი ეკონომიკების მქონე სახელმწიფოები არიან დაზღვეულები. სახელმწიფოთა ეკონომიკების მასშტაბებიდან გამომდინარე, რადგანაც საქართველოს ეკონომიკა, სპორტული ტერმინოლოგია რომ გამოვიყენოთ, შედარებით მსუბუქ და ქვემსუბუქ წონით კატეგორიებში გამოდის. აქ, რა თქმა უნდა, მეორე ფაქტორი დიდ როლს ასრულებს. ანუ მსხვილი ტრანზაქციების განხორციელება, აჟიოტაჟი გარკვეულწილად ეროვნული ვალუტის კურსზე მოქმედებს. ამ შემთხვევაში სწორედ ამასთან გვაქვს საქმე. მაკროეკონომიკური ინდიკატორების მიხედვით, მდგომარეობა საკმაოდ პოზიტიური, დამაიმედებელია. კარგი პროგნოზები კეთდება არა მარტო ქვეყნის შიგნით, ეკონომისტების მიერ, არამედ საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდანაც. ახლახან მსოფლიო ბანკმა 2021 – 2026 წლების მიხედვით პროგნოზი გააკეთა, საქართველოს ეკონომიკა საკმაოდ წარმატებულად, 1,5-ჯერ მეტად იზრდება. ის ზრდით თავის მეზობლებთან შედარებითაც გამოირჩევა. ამას დავამატოთ ის ფაქტიც, რომ 2024 წლის ბოლო მონაცემებით, საქართველოს ეკონომიკა პანდემიამდელ პერიოდთან შედარებით დაახლოებით 34%-ითაა გაზრდილი, მაშინ, როდესაც გლობალური ეკონომიკის საშუალო ზრდა მხოლოდ 14 %-ია. თუ შევადარებთ ინფლაციის ტემპსაც: საქართველოში ინფლაცია შედარებით დაბალია, ვიდრე აშშ-ში, ევროკავშირში. წინა თვეში აშშ-ში საქართველოსთან შედარებით, თითქმის 2-ჯერ უფრო მაღალი ინფლაცია იყო. რაც შეეხება საქართველოს – მართალია, ბოლო თვეებში ინფლაციის ტემპი რამდენამდე მზარდი იყო, მაგრამ მაისში მისი 3/4 ენერგომატარებლების ფასის მატებაზე მოდიოდა. მოგეხსნებათ, საქართველო ენერგოიმპორტიორი ქვეყანაა.” – განაცხადა არჩვაძემ.

მისივე თქმით, სავალუტო ბაზარზე ეროვნული ბანკის ინტერვენციები იმას ემსახურება, რომ რყევები მინიმუმადე იყოს დაყვანილი.

“ზუსტად ერთი წლის წინ ეროვნული ვალუტა წელზე გადაანგარიშებით, ორჯერ და მეტად გამყარებული იყო, ვიდრე ამის ეკონომიკური საფუძველი არსებობდა. შარშანდელ ამ პერიოდში, წინა წლის პერიოდთან შედარებით ეროვნული ვალუტა თითქმის 14, 7 %-ით გამყარდა, მაშინ როცა ეკონომიკური ზრდა მხოლოდ 7 % იყო. როგორც წესი , მაღალი კორელაცია უნდა იყოს. იმ პერიოდში ჩვენი ეროვნული ვალუტა იმაზე მეტად იყო გამყრებული, ვიდრე ამის ეკონომიკური საფუძველი და პირობა არსებობდა. ამან პოზიტივთან ერთად თავისი დამატებითი პრობლემებიც შექმნა. პოზიტივი ის იყო, რომ იმპორტირებულ საქონელში შედარებით ნაკლები ეროვნული ვალუტის გადახდა გვიწევდა, თუმცა, ამან საერთაშორისო ბაზრებზე ჩვენი პროდუქცია გააძვირა, თავის ასახვა ექსპორტის ტემპის შემცირებაზე ჰპოვა.
ამჟამად, რომ იტყვიან, ხდება იმ მაკროწონასწორობისკენ გადახრა , რაც ეკონომიკის განვითარებისთვის ასე აუცილებელია, იმისთვის რომ ადგილი ჰქონდეს სტაბილურობას, წარმოებისთვის პირობები იქნეს შექმნილი და იმპორტი მეტისმეტად არ წავახალისოთ.
რამდენიმე თვის წინ, როცა კურსი 2, 5 – 2,6-ს შორის მერყეობდა, ერთ-ერთ გამოცემასთან ვთქვი, ეს კურსი მეტისმეტად გამყარებულია, სასურველია რომ კურსი 2.8- 2,9-ს შორის იყოს – მეთქი. ვფიქრობ, ამჟამინდელი მდგომარეობა აბსოლუტურად ნორმალურია, მისაღებია, ჩვენი ეკონომიკის პოტენციალს შეესაბამება.
სავალუტო ბაზარზე ეროვნული ბანკის ინტერვენციები სწორედ იმას ემსახურება, რომ რყევები მინიმუმადე იყოს დაყვანილი, ბინზესს სტაბილურობის განცდა და პირობა შეუქმნას” – განაცხადა სოსო არჩვაძემ.

ცნობისთვის, საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 11 ივნისს სავალუტო აუქციონზე სებმა 60 000 000 აშშ დოლარი გაყიდა. საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 2.8635 შეადგინა.
“აღნიშნული ინტერვენციის მიზანია ერთჯერადი მსხვილი ტრანზაქციების შედეგად ბაზრის მოლოდინებზე შესაძლო უარყოფითი გავლენის შემცირება. ერთჯერადი მსხვილი ტრანზაქციები, კერძოდ საფინანსო სექტორის მიერ, წინა წლებში გამოშვებული ლარით დენომინირებული ვალდებულებების დაფარვა, დივიდენდების გადახდა და სხვა, სავალუტო ბაზარზე უცხოურ ვალუტაზე მოთხოვნას დროებით ზრდის. იმისათვის, რომ აღნიშნულმა ტრანზაქციებმა გაცვლითი კურსის ჭარბი მერყეობა არ განაპირობოს ეროვნული ბანკი ბაზარს სავალუტო აუქციონების გზით უცხოურ ვალუტას საჭიროების მიხედვით აწვდის” – ნათქვამია საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები