კულტურის მინისტრი თბილისის პეტროს ადამიანის სახელობის სომხურ დრამატულ თეატრს ეწვია
საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრმა თინათინ რუხაძემ თბილისის პეტროს ადამიანის სახელობის სომხური დრამატული თეატრის აღდგენილი შენობა მოინახულა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო ავრცელებს.
“მინისტრმა თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელ არმენაკ ბაიანდურიანთან ერთად შენობა დაათვალიერა, თეატრის საჭიროებებს გაეცნო და, სამინისტროს სახელით, თანამშრომლობისთვის მზადყოფნა გამოხატა.
სომხური თეატრის მასშტაბური სამშენებლო-სარეკონსტრუქციო სამუშაოები კულტურის სამინისტროს ინიციატივითა და ფონდ „ქართუს“ მხარდაჭერით განხორციელდა. შენობის სავალალო მდგომარეობის გამო, რაც ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნამ დაადასტურა, საჭირო იყო შენობის სრული დემონტაჟი და ახალი შენობის აგება.
პეტროს ადამიანის სახელობის სომხური დრამატული თეატრი, რომელიც ქეთევან წამებულის გამზირზე (№8) მდებარეობს, მსოფლიოში ერთადერთი სომხური თეატრია, რომელიც სომხეთის გარეთ, უცხოეთში, სახელმწიფო თეატრის სტატუსით ფუნქციონირებს”,- ნათქვამია ინფორმაციაში.