რატომ გვიშლის „ცუდი ფიქრები“ ხელს დაძინებაში და როგორ გავუმკლავდეთ მათ

ალბათ, გეცნობათ ვითარება, როცა ძალიან გეძინებათ, მაგრამ დადებთ თუ არა თავს ბალიშზე, გონებაში მაშინვე „ცუდი ფიქრები“ მოგდით. თქვენ აანალიზებთ გასულ დღეს, აწყობთ სამომავლო გეგმებს, იხსენებთ არასასიამოვნო და სამარცხვინო მომენტებსაც კი… რატომ მოდის მსგავსი ფიქრების ნაკადი თავში და როგორ შევაჩეროთ ის?

ფსიქოლოგები ამტკიცებენ, რომ ჩვენი ტვინის უცნაური და არასასიამოვნო ქცევა ძილის წინ სრულიად ნორმალური მდგომარეობაა. გარდა ამისა, ისინი ამბობენ, რომ ჩვენი გონება კი არ გვტანჯავს, არამედ, პირიქით – ცდილობს, დაგვიცვას ირგვლივ არსებული სამყაროს საფრთხეებისგან. ამ მოვლენის საფუძველი უნდა ვეძებოთ შორეულ წარსულში, როდესაც ადამიანი ჯერ კიდევ ცხოველთა სამყაროსგან გამოყოფას იწყებდა.

წარმოიდგინეთ პირველყოფილი ადამიანი, რომელიც მხოლოდ სასიამოვნოსა და ლამაზზე ფიქრობს. დიდი ალბათობით, ვერ დატოვებდა შთამომავლობას და გაქრებოდა, ვინაიდან მას ველური ცხოველი გაანადგურებდა. ჩვენს წინაპრებს იმაზე ფიქრი უწევდათ, თუ როგორ გადარჩენილიყვნენ სასტიკ სამყაროში, როგორ გადაერჩინათ თავი ველური ცხოველებისგან, ბუნებრივი კატაკლიზმებისგან, სიცივისგან, შიმშილისგან და ბოლოს, მტრულად განწყობილი ადამიანებისგან.

ეს მექანიზმი არსად გამქრალა. დღის ფიქრებისგან გათავისუფლების შემდეგ ჩვენი ტვინი ე.წ. შემოტევას გვიწყებს, რათა ჩვენ შევძლოთ ჩვენი შეცდომების გაანალიზება და შესაბამისი დასკვნები გამოვიტანოთ.

„ცუდი ფიქრების“ გაანალიზების შემდეგ ბევრი საინტერესო რამის გაგება შეგვიძლია. თუ დაძინების საშუალებას არ გაძლევთ სამსახურზე ფიქრი, ესე იგი, პროფესიული საქმიანობა თქვენთვის პრიორიტეტულია, ხოლო თუ სამეგობრო წრეში არსებული უხერხული მომენტები გაწუხებთ, ესე იგი, თქვენ ქვეცნობიერად შფოთავთ, რომ ადამიანებმა შეიძლება, არასწორად აღგიქვან. ცნობილია, რომ რაც უფრო დაკავებული ხართ დღის განმავლობაში, მით უფრო იტანჯებით ფიქრებისგან ძილის წინ. დღის განმავლობაში შესაძლოა, ფიქრისთვის დრო არ გქონდათ, ამიტომ ტვინი ყველაფერს შეინახავს და საღამოს, ძილის წინ „გაგარჩევინებთ“. ამიტომაც, ფსიქოლოგები გვირჩევენ, დღისით დასვენებისთვის დრო მოვძებნოთ, რათა ღამით ინფორმაციული ნაკადი ზედმეტად დატვირთული არ იყოს.

სპეციალისტების თქმით, არასასიამოვნო არა თავად ფიქრები, არამედ მათზე ჩვენი რეაქციაა. ზოგთან ეს ნეგატიური ინფორმაცია ქარივით ჩაიქროლებს, სხვებთან კი, დიდხანს რჩება და განუწყვეტელი ფიქრი იწყება. შესაძლოა, საქმე ნევროზამდე, დეპრესიამდე და ნერვულ აშლილობამდე მივიდეს. მეორე შემთხვევა შეიძლება, ჩაითვალოს, როგორც პათოლოგია და მასთან ბრძოლაა საჭირო.

რისკის ჯგუფს მიეკუთვნებიან მშფოთვარე, დეპრესიული, ძილის დარღვევის მქონე ადამიანები. დიდი ნაწილი ცდილობს, გაუმკლავდეს მტანჯველ ფიქრებს, მაგრამ საპირისპირო ეფექტს იღებს – მოგონებები დამარცხების და სირცხვილის შესახებ სულ უფრო მეტი ხდება.

ამ ჯგუფში რომ არ მოვხვდეთ, საჭიროა, ყოველთვის ერთ მარტივ წესს მივმართოთ. გაგვახსენდა რაიმე ცუდი? მაშინვე გადავერთოთ და ვიფიქროთ კარგზე, სასიამოვნოზე, მაგალითად, რომელიმე მნიშვნელოვან წარმატებაზე ან კარგად შესრულებულ სამუშაოზე. ეცადეთ, თავი აარიდოთ უკვე არააქტუალური საქმეების ანალიზს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები