„მე ყოველთვის იმ აზრისა ვიყავი, რომ ქართველი ერის გასაცნობად ევროპელების მიერ საჭირო იყო ამ ასპარეზზე ქართული ხელოვნების გამოტანა“ – ილია ჯაბადარის ისტორია

1895 წელს თბილისში, საზოგადო მოღვაწის, ჟურნალისტისა და რედაქტორ-გამომცემლის, ალექსანდრე ჯაბადარისა და მანანა რცხილაძის ოჯახში დაიბადა ილია ჯაბადარი. ჯაბადარებს ექვსი ვაჟი ჰყავდა. მე-20 საუკუნის დასაწყისში ალექსანდრემ ორი უფროსი ვაჟი, გიორგი და ერეკლე, კლასიკური განათლების მისაღებად ევროპაში გაგზავნა. 1902 წლიდან ისინი ბელგიაში ცხოვრობდნენ. ორი წლის შემდეგ მათ უმცროსი ძმებიც შეუერთდნენ, დედასთან ერთად.  სამწუხაროდ, ისე მოხდა, რომ მანანა რცხილაძე 1907 წელს გარდაიცვალა. იგი პარიზშია დაკრძალული. ძმები ერთმანეთის იმედად დარჩნენ, ყველამ მიიღო უმაღლესი განათლება  და ძირითადად ხელოვნების სფეროში მოღვაწეობდნენ. გიორგი – რეჟისორი გახდა, ერეკლე –კომპოზიტორი,  ვახტანგი – მუსიკოსი, ილია – ქორეოგრაფი და იმპრესარიო; შოთა – ვიოლენჩელისტი და დირიჟორი. 

მენშევიკური მთავრობის დროს ილია ჯაბადარი სამშობლოში მოღვაწეობდა. იგი საქართველოს სავაჭრო–სამრეწველო პალატის უმნიშვნელოვანეს სავაჭრო ოპერაციებში იღებდა მონაწილეობას. 1919–1921 წლებში სავაჭრო–სამრეწველო პალატამ ილია თავის წარმომადგენლად დანიშნა ბელგიაში. როგორც საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გვერდზე ვკითხულობთ, სწორედ მან მოაგროვა მნიშვნელოვანი ცნობები საქართველოში არსებული შავი ქვის, მატყლისა და აბრეშუმის წარმოებაზე და მალე დაამყარა ურთიერთობები ცნობილ ფრანგულ ფირმებთან.

საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ ილია ჯაბადარი იძულებული გახდა, დაეტოვებინა საქართველო და პარიზი გახდა მისი ძირითადი საცხოვრებელი ქალაქი.

1930–იან წლებში ილიამ და მისმა მეუღლემ, სუზან ჯაბადარმა ფრანგულ ენაზე თარგმნეს ალექსანდრე მანველიშვილის მიერ შედგენილი საქართველოს ისტორია და გადამუშავებული წიგნი (გამოიცა პარიზში „ოქროს საწმისის“ მიერ) პარიზის წიგნთსაცავებს დაურიგეს.

მეორე მსოფლიო ომამდე ილია ჯაბადარი მოკლემეტრაჟიანი ფილმების რეჟისურით იყო დაკავებული. რამდენიმე ანტიფაშისტური დოკუმენტური ფილმიც გადაიღო (ფსევდონიმით, „ბაკურციხელი“). გერმანელების მიერ პარიზის დაკავების  შემდეგ ეს ფილმები გაანადგურეს, თვით რეჟისორი კი, ძლივს გადაურჩა დაპატიმრებას.

ჯერ კიდევ ბელგიაში სწავლის პერიოდში ილია ჯაბადარი მიხვდა, რომ ევროპაში ქართველებს არ იცნობდნენ და მათ რუსებად მოიხსენიებდნენ, როგორც რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში შემავალ ყველა ერს. საქართველოს სახელისთვის მან მიზნად დაისახა ქართული ხელოვნების პოპულარიზაცია.

„მე ყოველთვის იმ აზრისა ვიყავი, რომ ქართველი ერის გასაცნობად ევროპელების მიერ საჭირო იყო ამ ასპარეზზე ქართული ხელოვნების გამოტანა. გარდა მუსიკისა და მხატვრობისა, ჩვენი ცეკვების ჩვენება აუცილებლად მიმაჩნდა. ამაზე ხშირად ვნატრობდი, მაგრამ ვერ ვხედამდი ამის განხორციელების საშუალებას“, – წერს იგი ერთ–ერთ წერილში.

1949 წელს ილია ჯაბადარმა პარიზში იქაური ქართველებისაგან ჩამოაყალიბა ქართული ცეკვის ანსამბლი „ქართული ბალეტი“, რომელმაც ათი წლის განმავლობაში ტრიუმფით შემოიარა ევროპის ყველა დიდი ქალაქის საკონცერტო დარბაზები.

ქართული ცეკვების მომზადება ილიამ ორ ქართველს შესთავაზა: ალექსანდრე პეტრიაშვილს, რომელიც გურჯის სახელით გამოდიოდა და სერგო კოხრეიძეს, რომლის ფსევდონიმი იყო „იანეთელი“. თითოეულმა ოთხი ცეკვა მოამზადა, შესვენებები კი, ერეკლე ჯაბადარის სიმფონიური მუსიკით შესავსეს. ასე რომ. მაყურებელი ერთდროულად ეცნობოდა ქართულ ხალხურ და სიმფონიურ მუსიკას. კონცერტების დაწყებამდე ჩოხაში გამოწყობილი ილია სცენაზე გამოდიოდა და ეროვნულ ჩაცმულობასა და ქართულ ცეკვას მიმოიხილავდა.

ჟურნალი „ბედი ქართლისა“ 1953 წლის აპრილის ნომერში წერდა: „ბატონი ილია ჯაბადარის ქართული ცეკვების ბალეტმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ქართული ცეკვების უცხოეთში გამოტანა არის ერთი უდიდესი საშუალება ჩვენი კულტურის პროპაგანდისა. მადლობასთან ერთად, ბატონი ილია ჯაბადარი ღირსია ჯეროვანი ყურადღების და დახმარებისა ქართველი საზოგადოების მხრივ, მისთვის ამ მძიმე პირობებში უსასყიდლოდ, ასეთი უანგარო კულტურული მოღვაწეობისათვის“.

ათწლიანი წარმატებული გამოსვლების შემდეგ 1960 წლისთვის „ქართულმა ბალეტმა“ არსებობა შეწყვიტა.

1950–იან წლებში ილია ჯაბადარი შედიოდა პარიზში გამომავალი ქართულენოვანი ჟურნალის  „თავისუფალი ტრიბუნის“ გამომცემელთა ჯგუფში.

1960–იანი წლებიდან ილია ჯაბადარი იმპრესარიოს ძნელსა და რთულ გზას დაადგა. სულ მალე მთელ ევროპაში ცნობილი იმპრესარიო გახდა და უფრო მეტი მონდომებით შეუდგა ქართული კულტურის პოპულარიზაციას. მის სახელთანაა დაკავშირებული ნინო რამიშვილისა და ილიკო სუხიშვილის ცეკვის სახელმწიფო ანსამბლის, ანსამბლ „რუსთავის“ და სხვა ქართული ანსამბლებისა თუ ჯგუფების საგასტროლო მოგზაურობები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში.

შეიძლება ითქვას, რომ საზღვარგარეთ მცხოვრები ქართველების მიერ არ განხორციელებულა რაიმე კულტურული ღონისძიება, რომელშიც ილია ჯაბადარს არ მიეღო აქტიური მონაწილეობა. მჭიდროდ თანამშრომლობდა თურქეთის ქართველობასთანაც, განსაკუთრებით, აჰმედ მელაშვილთან. აჰმედი წერილებში ილია ჯაბადარს მოიხსენიებს, როგორც ბიძას. თავის მხრივ, ილიასაც მასთან მამა–შვილური დამოკიდებულება ჰქონდა.

უაღრესად თბილი დახვედრა ჰქონდათ 1965 წელს ილიასა და მის მეუღლეს თურქეთის ქართულ სოფლებში. მოგზაურობის დროს იქაურ სიმღერებს, ხალხურ გამონათქვამებს და ლეგენდებს იწერდნენ. პარიზში დაბრუნებულმა ილიამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ თურქი ქართველებისთვის ქართული ნაციონალური ანსამბლის კონცერტი ეჩვენებინა. კონცერტმა ტრიუმფით ჩაიარა.

„ამისთანა რამ აქ სიზმარშიც არ უნახავთ, ქართველები ხომ სულით გამაგრდნენ, შორეული სოფლებიდან და ქალაქებიდან მოდიან. ზოგი სამჯერ–ოთხჯერ ესწრება ამ კონცერტებს. მე მგონია, რომ ჩემს მიზანს მივაღწიე, მიყუჩებული ქართველობა გავაცოცხლე და რომ შედეგი იქნება ამის, ეს მომავალი გვიჩვენებს“…

1964 წლის შემდეგ ილია ჯაბადარი რამდენჯერმე ესტუმრა საქართველოს. ინახულა საგარეჯო, კონტაქტი დაამყარა ნათესავებთან და მიწერ–მოწერა სიცოცხლის ბოლომდე აღარ შეუწყვეტია. 1977 წელს მან აღასრულა ერეკლე ჯაბადარის ანდერძი, მისი ნეშტი სამშობლოში ჩამოასვენა და დიდუბის პანთეონის მიწას მიაბარა.

ილია ჯაბადარი გარდაიცვალა პარიზში 1982 წლის 2 აგვისტოს, 87 წლის ასაკში. დაკრძალულია პერლაშეზის სასაფლაოზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები