„მთავარი მგზავრი“ და ავიაკატასტროფა, რომელსაც 224 ადამიანი ემსხვერპლა
2015 წლის 31 ოქტომბერს რუსული ავიაკომპანია Kogalymavia-ს თვითმფრინავი Airbus A321-231 სინის ნახევარკუნძულზე ჩამოვარდა. თვითმფრინავი ახორციელებდა ჩარტერულ რეისს 7K-9268 მარშრუტზე: შარმ-ელ-შეიხი – სანკტ-პეტერბურგი. აფრენიდან 23 წუთის შემდეგ ეკიპაჟთან კონტაქტი დაიკარგა და თავად თვითმფრინავი რადარებიდან გაქრა.
როდესაც ავარიის ადგილი აღმოაჩინეს, თვითმფრინავის ნამსხვრევები 13 კილომეტრზე იყო მიმოფანტული. ბორტზე მყოფი 224-ვე ადამიანი დაიღუპა.
გარდაცვლილთაგან 25 ბავშვი იყო. მათ შორის, 10 თვის დარინა გრომოვა, რომლის ფოტო გადაღებულია გამგზავრებამდე ცოტა ხნით ადრე. ფოტო ამ ტრაგედიის სიმბოლოდ იქცა. მის დედას ფოტო ასე ჰქონდა დასათაურებული: „მთავარი მგზავრი“.
თვითმფრინავმა ვარდნა მას შემდეგ დაიწყო, რაც კუდის განყოფილებაში თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობა აფეთქდა. ავიაკატასტროფიდან რამდენიმე დღეში ტერაქტზე პასუხისმგებლობა ISIS-მა აიღო.