გიორგი გაბუნია “ჰექსოგენის” შემოტანის ფაქტზე: ბაჩო ახალაიას იმდენი სისაძაგლე აქვს გაკეთებული ჩვენი ქვეყნისთვის, რომ მისგან არაფერი გამიკვირდება
„ბაჩო ახალაიას იმდენი სისაძაგლე აქვს გაკეთებული ჩვენი ქვეყნისთვის, რომ მისგან არაფერი გამიკვირდება,“- ამის შესახებ პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ გიორგი გაბუნიამ საქართველოში “ჰექსოგენის შემოტანის” საქმესთან დაკავშირებით განაცხადა.
მისივე თქმით, ლორთქიფანიძე რომ საქართველოს წინააღმდეგ რაიმე დანაშაულებრივ ქმედებას ჩაიფიქრებს და განახორციელებს, ამაში არაფერია გასაკვირი.
“გვაქვს მოლოდინი, რომ ამ საქმესთან დაკავშირებით კიდევ ბევრი საინტერესო დეტალი გამოიკვეთება, ვინაიდან გამოძიება მიმდინარეობს. რაც შეეხება ბაჩო ახალაიას – ამ ადამიანს, როცა ის იყო ხელისუფლებაში, იმდენი სისაძაგლე აქვს გაკეთებული ჩვენი ხალხისთვის და ქვეყნისთვის, რომ მისგან არაფერი არ გამიკვირდება. ფაქტია, რომ “ნაციონალური მოძრაობა” უკვე წლებია ჩართულია ანტისახელმწიფოებრივ საქმიანობაში და მათი საქმიანობა დაკავშირებულია პირდაპირ ქვეყანაში სიტუაციის არევასთან და სახელმწიფო გადატრიალებასთან. ლორთქიფანიძე წლების განმავლობაში იყო კრიმინალი, როდესაც ის იყო “ნაციონალური მოძრაობის” პერიოდში ხელისუფლებაში, მას არაერთი დანაშაული აქვს ჩადენილი და სამწუხარო ფაქტია ის, რომ დღეს, უკრაინის სახელმწიფო, მას მაღალი თანამდებობაზე ამუშავებს. ლორთქიფანიძე რომ საქართველოს წინააღმდეგ რაიმე დანაშაულებრივ ქმედებას ჩაიფიქრებს და განახორციელებს, ამაში არაფერია გასაკვირი. ბაჩო ახალაიას რაც შეეხება მისგან არაფერი გამიკვირდება. მე ვფიქრობ, რომ მაინც გამოძიებას უნდა დაველოდოთ და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, ამომწურავ პასუხს გასცემს საზოგადოებას,”- აცხადებს გიორგი გაბუნია.
შეგახსენებთ, სუს-ის ინფორმაციით, დაკავებულია უკრაინის ორი მოქალაქე, რომლებსაც აღმოაჩნდათ 2,4 კილოგრამი ასაფეთქებელი ნივთიერება „ჰექსოგენი“. აღნიშნული ნივთიერება საქართველოში რუმინეთის, ბულგარეთის და თურქეთის გავლით შემოვიდა.