უკრაინიდან საქართველოში ასაფეთქებელი საშუალებები შემოჰქონდათ – სუს-მა უკრაინის 2 მოქალაქე დააკავა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა უკრაინის 2 მოქალაქე დააკავა, რომელსაც უკრაინიდან საქართველოში ასაფეთქებელი საშუალებები შემოჰქონდა.

ამის შესახებ, სუს-ის უფროსის პირველმა მოადგილემ, ლაშა მაღრაძემ ბრიფინგზე ისაუბრა.

“მიღებული ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, სუს-მა და შსს-მ, ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების საფუძველზე, უკრაინის 2 მოქალაქე დააკავა.

მიმდინარე წლის 10 სექტემბერს უკრაინული სანიშნე ნომრებით მოძრავმა “მერსედესის” სატვირთო მანქანამ უკრაინიდან საქართველოს მიმართულებით, რუმინეთის და ბულგარეთის გავლით, გადმოკვეთა სახელმწიფო საზღვარი და, საბაჟო გამშვებ პუნქტ “სარფის გავლით” შემოვიდა ქვეყანაში.

მისი შეჩერების და შემოწმების შედეგად, ავტომობილში ნაპოვნია წინასწარ საგულდაგულოდ შენიღბულ სამალავებში მოთავსებული 2.4 კგ ასაფეთქებელი ნივთიერება “ჰექსოგენი”.

საზოგადოებისთვის განვმარტავთ, რომ საქმე ეხება ასაფეთქებელ ნივთიერება „ტროტილზე“ ძლიერმოქმედ ნივთიერებას.

„გამოძიებით ამ ეტაპზე დგინდება, რომ ასაფეთქებელი ნივთიერება უკრაინის მოქალაქეს, ზემოთ ხსენებული ავტომანქანის მძღოლს მ.ს.-ს, უკრაინის ტერიტორიაზე დაუდგენელმა პირმა გადასცა შენიღბულ კასრებში მოთავსებული ასაფეთქებელი ნივთიერება და განუმარტა, რომ საქართველოს საზღვრის გადაკვეთის შემდგომ, მათთან კავშირზე მყოფი სხვა პირი გამოართმევდა აღნიშნულ ნივთიერებას.

უკვე დაკავებულია, ასევე უკრაინის მოქალაქე დ.ჟ., რომელმაც მიაკითხა მძღოლ მ.ს.-ს და გამოართვა, სამალავებში განთავსებული დიდი ოდენობით ასაფეთქებელი ნივთიერება.

ჩატარებული ჩხრეკების შედეგად, ამოღებულია რვა ერთეული მობილური ტელეფონი, კომპიუტერი, ელექტრონული ინფორმაციის მატარებელი მოწყობილობები, დიდი ოდენობით ფულადი თანხა, სხვადასხვა ქვეყნის მობილური ოპერატორის სიმბარათები და ნარკოტიკული ნივთიერება „კოკაინი“.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ფეთქებადი ნივთიერების მართლსაწინააღმდეგო შეძენას, შენახვას და გადაზიდვას გულისხმობს. დაკავებულებს ბრალად 260-ე მუხლით გათვალისწინებული ბრალდებაც წარედგინებათ მათი ჩხრეკისას ამოღებულ ნარკოტიკულ საშუალებებთან დაკავშირებით.

ბუნებრივია, გამოძიება გაგრძელდება საქართველოში შემოტანილი დიდი ოდენობით ასაფეთქებელი ნივთიერების საბოლოო დანიშნულების დასადგენად – მზადდებოდა ტერორისტული აქტი საქართველოში, საქართველო გამოიყენებოდა სატრანზიტო ქვეყნად თუ სხვა. შესაბამისად მოხდება დაკავებული პირების მიმართ სამართლებრივი კვალიფიკაციის დაზუსტება და საჭიროების შემთხვევაში საზოგადოების შემდგომი ინფორმირება. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მადლობას უხდის შინაგან საქმეთა სამინისტროს და პროკურატურის თანამშრომლებს ჩატარებულ წარმატებულ ღონისძიებაში ძალიან მნიშვნელოვანი წვლილის შეტანისთვის”, – განაცხადა ლაშა მაღრაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები