“სრულიად ლოგიკურია, რომ ქვეყანაში სიღარიბის მაჩვენებელი მცირდება”- გიორგი აბაშიშვილი საქსტატის ინფორმაციას ეხმაურება

Business Insider Georgia-ს დამფუძნებელი , ეკონომისტი გიორგი აბაშიშვილი სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ სიღარიბის მაჩვენებლის შესახებ გამოქვეყნებულ ინფორმაციას ეხმაურება.

“თუ დავაკვირდებით ტენდენციას, სიღარიბის შემცირების ტენდენცია ბოლო წლების განმავლობაში მუდმივად გრძელდებოდა. სრულიად ლოგიკურია, რომ ქვეყანაში სიღარიბის მაჩვენებელი მცირდება. როდესაც ჩვენ ხშირად ვსაუბრობთ ხოლმე, ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდაზე , აქ ერთი რამ უნდა გავითვალისწინოთ: ბევრი ამბობს ხოლმე, რომ ეს მხოლოდ ციფრებია. მერე ეს ციფრები კონკრეტულ შემთხვევაში ითარგმნება, მათ შორის, სიღარიბის მაჩვენებელი როგორ იზომება , კონკრეტულ ადამიანს რა შემოსავალი აქვს. ცხადია, მთლიანი შიდა პროდუქტის გადანაწილება ადამიანებზე, როდესაც მაქსიმალურად სწორად ხდება, ეს საბოლოო ჯამში სიღარიბის შემცირებას იწვევს, საბოლოოდ კი შემოსავლების ზრდას. ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა , ქვეყანაში ეკონომიკა იმგვარად მუშაობდეს, რომ საზოგადოების მაქსიმალურად ყველა ფენა იყოს ჩართული. ჩვენს შემთხვევაში ეკონომიკური მოდელის მაქსიმალურად გამოთანაბრება ხდება , ამიტომაც არის, რომ ქვეყნის საერთო შემოსავლების ზრდასთან ერთად სიღარიბე იკლებს. თუმცა, ეს კიდევ სამუშაოა” – განაცხადა აბაშიშვილმა მედიაჰოლდინგ “კვირას” პრესკლუბში.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ცნობით, 2023 წელს საქართველოში სიღარიბის აბსოლუტურ ზღვარს ქვევით მყოფი მოსახლეობის წილი (აბსოლუტური სიღარიბის მაჩვენებელი) წინა წელთან შედარებით 3.8 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 11.8 პროცენტი შეადგინა.
„საქსტატის“ მონაცემებით, 2023 წელს აბსოლუტური სიღარიბის მაჩვენებელი ქალაქის ტიპის დასახლებებში 2.9 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 9.4 პროცენტი შეადგინა, ხოლო სოფლის ტიპის დასახლებებში 5.0 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 15.6 პროცენტს გაუტოლდა.
„2023 წელს, სიღარიბის აბსოლუტური მაჩვენებელი წინა წელთან შედარებით შემცირებულია მოსახლეობის ყველა ასაკობრივ ჯგუფში. კერძოდ, 18 წლამდე ასაკობრივ ჯგუფში მაჩვენებელმა 16.0 პროცენტი შეადგინა (-4.3 პროცენტული პუნქტი), 18-64 წლის ასაკობრივ ჯგუფში – 11.5 პროცენტი (-3.8 პროცენტული პუნქტი), ხოლო 65 წლის და უფროს ასაკობრივ ჯგუფში – 8.0 პროცენტი (-2.5 პროცენტული პუნქტი). აბსოლუტური სიღარიბის მაჩვენებელი ქალებისათვის შემცირებულია 3.9 პროცენტული პუნქტით და 11.5 პროცენტს შეადგენს, ხოლო კაცებისათვის მაჩვენებელი შემცირებულია 3.7 პროცენტული პუნქტით და 12.2 პროცენტს შეადგენს.
2023 წელს, წინა წელთან შედარებით, არ შეცვლილა ჯინის კოეფიციენტის მნიშვნელობა მთლიანი შემოსავლების და სახსრების მიხედვით, შესაბამისად 0.36 და 0.37 შეადგინა, მთლიანი სამომხმარებლო ხარჯების მიხედვით გაიზარდა 0.02-ით და 0.36 შეადგინა, ხოლო მთლიანი ხარჯების მიხედვით გაიზარდა 0.01-ით და 0.40 შეადგინა“ – აღნიშნულია „საქსტატის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები