ცნობილ ქართველ პოეტს – ლია სტურუას დღეს 85 წელი შეუსრულდა
15 მაისი ცნობილი ქართველი პოეტის, ლია სტურუას დაბადების დღეა. მას დღეს 85 წელი შეუსრულდა.
საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო ულოცავს იუბილეს ლია სტურუას და დღეგრძელობასა და შემოქმედებით წარმატებებს უსურვებს.
„ლია სტურუა დაიბადა 1939 წლის 15 მაისს, თბილისში. 1957 წელს დაამთავრა თბილისის 24-ე საშუალო სკოლა. იმავე წელს ჩაირიცხა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართული ფილოლოგიის ფაკულტეტზე. შემდეგ სწავლა განაგრძო ასპირანტურაში.
1957 წლიდან იწყება პოეტის შემოქმედებითი მოღვაწეობა. მუშაობდა უნივერსიტეტში – კითხულობდა ლექციებს, იმავდროულად, იყო შოთა რუსთაველის სახელობის ლიტერატურის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერი თანამშრომელი. 1999 წლიდან მუშაობს გალაკტიონ ტაბიძის მუზეუმში ლიტერატურულ კონსულტანტად.
პოეტის პირველი წიგნი, ლექსების კრებული „ხეები ქალაქში“, გამოიცა 1965 წელს. ლია სტურუას გამოცემული აქვს 12-ზე მეტი ლექსების კრებული, პროზაული კრებულები „ბედნიერი სიჩუმე“, „რძეში ჩავარდნილი ქვა“ (შეგრძნებების რომანი). წერს ესეებსა და წერილებს. მისი ლექსები თარგმნილია გერმანულ, ფრანგულ, ინგლისურ და ფინურ ენებზე. 1997 წელს ნორვეგიის ტელევიზიამ გადაიღო ფილმი ლია სტურუას ცხოვრებისა და შემოქმედების შესახებ.
ლია სტურუას ბიოგრაფია ორგანულად ერწყმის გამოჩენილი ქართველი მოქანდაკის, ელგუჯა ამაშუკელის, ცხოვრებას. ისინი მრავალი წლის განმავლობაში ერთად „ვახშმობდნენ ფლამანდიური ნატურმორტებით“ და როცა მხატვრის ამქვეყნიური ცხოვრება დასრულდა, პოეტმა მას შეკითხვა დაადევნა: „შეგიძლია, წარმოიდგინო, როგორ გამეფშიკა ხელი, რომელსაც შენი მაჯით ვივსებდი?“
ლია სტურუა შოთა რუსთაველის, გალაკტიონ ტაბიძისა და საქართველოს სახელმწიფო პრემიების ლაურეატია. იგი არის ღირსების ორდენის კავალერი და თბილისის საპატიო მოქალაქე. დაცული აქვს დისერტაცია თემაზე: „ფერის მხატვრული ფუნქცია გალაკტიონ ტაბიძის შემოქმედებაში“. პოეტმა საკუთარი ავტოპორტრეტი დახატა სტრიქონებით: „აგურის სახლივით ალისფერი ქალი, სულ ცოტა, სამი, მაგრამ თავი თუ გაიგიჟა, შვიდი ამღერებული კაცის სამშობლო“.
2023 წელს ქ. გენტში, საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით მიმდინარე საერთაშორისო ფესტივალზე „ევროპალია-საქართველო“, გაიმართა მაღალ პოლიგრაფიულ დონეზე გამოცემული ექვსი ქართველი პოეტის ქალის ლექსების სამენოვანი (ქართული, ფრანგული, ნიდერლანდური) კრებულის – ,,მე ბევრი ვარ“ – პრეზენტაცია. წიგნში თავმოყრილია ცნობილი ქართველი პოეტების, მათ შორის – ლია სტურუას ლექსები („ტყეს, რომელიც მიყვარს“; „სეზანი“; „რამდენი უპასუხობა“; „ზღვაზე ვფიქრობ“; „გაყინული ქუჩა“; „ადამიანის ხმა“)“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.