ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში ნიკო სამადაშვილის ლექსების კრებულს წარადგენენ
20 თებერვალს, 17:00 საათზე, საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში ნიკო სამადაშვილის ლექსების კრებულის წარდგენა გაიმართება.
ეროვნული ბიბლიოთეკის ინფორმაციით, გამოცემა პოეტის დაბადებიდან 120 წლის იუბილეს ეძღვნება.
წიგნის გამოცემაზე მუშაობდნენ ეროვნული ბიბლიოთეკის ქართველოლოგიის განყოფილების თანამშრომლები: თამარ ხიზამბარელი და დარეჯან თეთრაშვილი. გამოცემას ერთვის ბიბლიოგრაფია, რომელიც ქართველოლოგიის განყოფილების უფროსმა ნანი მაჭავარიანმა შეადგინა.
„დიდი პოეზია დროის თხელი ჩამონაჭერია, სადაც მარადისობა ლივლივებს (სიუზენ ზონტაგის ფრაზა შევაბრუნე ჩემებურად). ეს ფრაზა მიესადაგება ნიკო სამადაშვილის პოეზიას, მის საუკეთესო ლექსებს. მისი ლექსები მარადისობის ჭუჭრუტანებია, გასახედი უსასრულობაში“, – წერს კრებულის წინასიტყვაობაში მისი ავტორი და რედაქტორი გოჩა სხილაძე.