პასკალ ლოტასი: საქართველოს ბევრი მიზეზი აქვს, რომ რუსეთის მეგობარი არ იყოს, მაგრამ ამავე დროს რუსეთის მტრობა საშიშია – ვხედავთ უკრაინას, სადამდე მივიდა ის ამ მიდგომით
საქართველოს ბევრი მიზეზი აქვს, რომ რუსეთის მეგობარი არ იყოს, მაგრამ ამავე დროს რუსეთის მტრობა საშიშია. ვხედავთ უკრაინას, სადამდე მივიდა ის ამ მიდგომით, – ამის შესახებ კიოტოს უნივერსიტეტის კვლევების ცენტრის პროფესორმა, ნეიტრალიტეტის საკითხზე კვლევებისა და პროგრამის ხელმძღვანელმა პასკალ ლოტასმა გადაცემაში „თბილისის დროით“ განაცხადა.
გადაცემის წამყვანთან, ბრიტანელ დიპლომატთან, გლობალური კრიზისების მართვის ექსპერტთან, იან პრაუდთან ერთად მან ნეიტრალიტეტის თემაზე იმსჯელა.
იან პრაუდის შეფასებით, პრობლემურია, რომ დასავლური სახელმწიფოები დღეს ცდილობენ შედარებით მცირე სახელმწიფოებს მხარე აარჩევინონ კონფლიქტებში. მისი თქმით, უკრაინის ომი კლასიკური მაგალითია, როდესაც ქვეყანას უყენებენ არჩევანს რუსეთსა და ევროპას შორის.
„ხედავ თუ არა გამოსავალს დასავლეთის ამ მიდგომიდან, ეს ხომ მსოფლიო მშვიდობისთვის მეტად საზიანოა“, – მიმართა მან სტუმარს.
პასკალ ლოტასის თქმით, უკრაინის დიდი ტრაგედიაა, რომ მას ნეიტრალიტეტის გატარების საშუალება არ მიეცა. მან აღნიშნა, რომ ამ საკითხს დიდი ხანია, იკვლევს.
„ამ ეტაპზე მე ვასკვნი, რომ სწორედ დასავლეთის დამსახურებით ვერ შეძლო უკრაინამ ნეიტრალიტეტის შენარჩუნება, მიუხედავად იმისა, რომ სწორედ რუსეთი დაესხა თავს უკრაინას.
საბოლოო ჯამში სწორედ 2014 წლის მაიდნის გადატრიალებამ გახადა უკრაინის ნეიტრალიტეტი შეუძლებელი. სწორედ დასავლეთი აცხადებდა, რომ ბატონი იანუკოვიჩი გახლდათ პრორუსი პოლიტიკოსი, მაგრამ ეს სიცრუეა, ის ნეიტრალიტეტის გატარებას უჭერდა მხარს. მას სურდა ორივე მხარესთან კარგი ურთიერთობა, როგორც რუსებთან, ასევე ევროპელებთან. ეს კი შეუძლებელი გახდა.
ვხედავთ, დასავლეთი როგორ თამაშს თამაშობს, ცდილობს სხვა სახელმწიფოებს არჩევანი აიძულოს. იგივე იყო საქართველოსთან დაკავშირებითაც – გაუთავებელი მოთხოვნების წაყენება საქართველოსადმი, რომ თბილისს ევროპული გზა აერჩია და რუსეთის მოწინააღმდეგე გამხდარიყო. საქართველოს ბევრი მიზეზი აქვს, რომ რუსეთის მეგობარი არ იყოს, მაგრამ ამავე დროს რუსეთის მტრობა საშიშია. ვხედავთ უკრაინას, სადამდე მივიდა ის ამ მიდგომით. სამწუხაროდ, დასავლეთის ეს მიდგომა ემსახურება კონფლიქტის გაღვივებას, აიძულებს ყველას არჩევანის გაკეთებას, ან ხარ მეგობარი, ან მტერი. ნეიტრალიტეტის ხელოვნება კი ყოველთვის გულისხმობდა ყველა მხარე დაარწმუნო, რომ უმჯობესია შეგეშვან და ყველასთან თანამშრომლობაში ხელი არ შეგიშალონ“, – განაცხადა პასკალ ლოტასმა.