„წლების განმავლობაში ძალადობდა ჩემზე, სხვები კი იცინოდნენ“ – ეპშტეინის ერთ-ერთი მსხვერპლი სამხრეთ აფრიკელი ქალია

ჯეფრი ეპშტეინმა ახალგაზრდა სამხრეთ აფრიკელი ქალი ტრეფიკინგის მსხვერპლად აქცია და წლების განმავლობაში მსჯავრდებული პედოფილი მილიარდერის ხაფანგში იყო მოქცეული.

43 წლის ჯულიეტ ბრაიანტი იმ „უხილავი ჯაჭვების“ შესახებ ჰყვება, რომლებიც მისი თქმით, წლების განმავლობაში აკონტროლებდა და ეპშტეინის გავლენის ქვეშ ამყოფებდა.

როგორც ბრაიანტი აღნიშნავს, ის ეპშტეინმა კეიპტაუნიდან 2002 წელს დაიქირავა, როდესაც უნივერსიტეტის პირველ კურსზე იმყოფებოდა და მოდელობაზე იყო ორიენტირებული.

მსხვერპლის თქმით, 20 წლის ასაკში, მას ეგონა, რომ მისი ცხოვრება სამუდამოდ შეიცვლებოდა.

„მეგონა, რომ ჩემი ოცნებები ახდებოდა, რადგან ჩვენი ოჯახი ფინანსურად ძალიან რთულ მდგომარეობაში იყო და მინდოდა, ოჯახისთვის რაღაც შემეცვალა“, – აცხადებს 43 წლის ქალი.

ბრაიენტი იხსენებს, რომ ის ნიუ-იორკში გაემგზავრა. ეს იყო მისი პირველი საზღვარგარეთული მოგზაურობა სამხრეთ აფრიკის ფარგლებს გარეთ – ეპშტეინთან კეიპტაუნის ერთ-ერთ რესტორანში პირველად შეხვედრიდან სამი კვირის შემდეგ. იმ შეხვედრას აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი ბილ კლინტონი ესწრებოდა, რომელიც იქ შიდსის წინააღმდეგ ბრძოლის ოფიციალური კამპანიის ფარგლებში იმყოფებოდა და თან ახლდნენ მსახიობები – კევინ სპეისი და კრის ტაკერი.

ნიუ-იორკში ჩასვლიდან მალევე მას უთხრეს, რომ კარიბის ზღვის რეგიონში გაემგზავრებოდა. მძღოლმა იგი ნიუ-ჯერსიში, ტეტერბოროს აეროპორტის ასაფრენ ბილიკზე მიიყვანა და კერძო თვითმფრინავში ავიდა. თვითმფრინავში უკვე იმყოფებოდნენ ეპშტეინი და ის ქალები, რომლებიც მისი თქმით, თავდაპირველად კეიპტაუნში დაიქირავეს.

„მან გვერდით სკამს ხელი დაჰკრა და მიმანიშნა… შემდეგ კი მე იქ დავჯექი. ეს ძალიან დამაბნეველი სიტუაცია იყო ახალგაზრდა ადამიანისთვის. როდესაც თვითმფრინავი აფრინდა, ის ფეხებს შორის ძალით შემეხო. მე უბრალოდ შევშინდი და უცებ გავაცნობიერე – ღმერთო ჩემო, ჩემი ოჯახი ვეღარასდროს მნახავს, ​​ამ ხალხმა შეიძლება მომკლან კიდეც, იცით?“ – განუცხადა მან Sky News-ს.

მისივე თქმით, თვითმფრინავში მყოფი ქალები იცინოდნენ.

„ძალიან შეშინებული ვიყავი“, – დასძინა მან.

გარდა ამისა, ჯულიეტ ბრაიანტის თქმით, იგი სხვა მამაკაცებთან ტრეფიკინგის მიზნით არ გადაუყვანიათ, თუმცა იხსენებს, რომ ეპშტეინმა ის არაერთხელ გააუპატიურა.

ნაკლებად სავარაუდოა, რომ ის ერთადერთი ახალგაზრდა ქალი იყო, რომელიც ეპშტეინმა კეიპტაუნიდან გადაიყვანა. ეპშტეინის ფაილებში აღმოჩენილი ელ-ფოსტები აჩვენებს უცნობი ქალი მოგზაურების ფრენის დეტალებს, რომლებიც 2018 წლის ბოლომდე, კეიპტაუნიდან ლონდონში, ატლანტასა და ნიუ-იორკში გადაჰყავდათ.

„მე მას ვხედავდი ლანჩზე, საუზმეზე და ვახშამზე, შემდეგ კი მის ოთახში მიხმობდნენ. სხვა დროს მასთან დიდად არ მქონდა შეხება – ის სულ საქმეზე იყო გასული. იქ ბევრ დროს მარტო ვატარებდი. აუზთან ვიჯექი ან წიგნებს ვკითხულობდი. სამზარეულოში ერთჯერადი ფოტოაპარატებიც ვიპოვე, რომლებიც ძალიან მომეწონა, და იქ ყოფნისას ფოტოებს ვიღებდი.

გაქცევის გზა არ არსებობდა. მათ ჩემი პასპორტი ჰქონდათ და იმ დროისთვის უკვე კარიბის ერთ-ერთ კუნძულზე ვიყავით ჩაფრენილები, შემდეგ კი ვერტმფრენით მის კუნძულზე გადაგვიყვანეს. უბრალოდ გაქცევის შანსი არ იყო. საკმარისად ძლიერი არ ვარ იმისთვის, რომ ცურვით გავქცეულიყავი – იქიდან გაცურვას ვერ შევძლებდი“, – იხსენებს ბრაიენტი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები