„ხატვა კურნავს სულს და გვილამაზებს ცხოვრებას“ – მაკა შინჯიაშვილის ნატურმორტები, „ვენეცია“ და მაცხოვრის ხელთუქმნელი ხატის ამბავი

პროფესიით ტანსაცმლის მხატვარ – მოდელიორი.  2000 წელს ჩაირიცხ სამხატვრო აკადემიის  ტანსაცმლის მხატვარმოდელიორის ფაკულტეტზე.
კოსტიუმების სტორია ჩემი ძირითადი დარგია, თუმცა ყოველთვის მხიბლავდა ზეთის საღებავებში დამუშავებული ნატურმორტის დეკორატიულობა და ნატურის გადმოცემის ილუზიის სიზუსტე.  
ფიქრობ, მხატვრისთვის არ არსებობს ამაზე დიდი ბედნიერება ემსახურებოდე საქმეს, რომელიც არა მხოლოდ საკუთარ, სხვათა  სიცოცხლესაც ლამაზი ფერებით აფერადებს“. – მაკა შინჯიაშვილი პერსონა.

–   პირველი ნახატები?
– ღრმა ბავშვობიდან ვხატავ. ერთხელ სტუმრად ვიყავი და კედელზე ნახატი დავინახე – ულამაზესი პეიზაჟი. როგორც კი სახლში დავბრუნდი, მეც შევეცადე მსგავსი სილამაზის დახატვას. ის ნახატი მხოლოდ ბავშვური ნახატი არ იყო. ასეთი ნახატები პირველი ნაბიჯია შემოქმედებითი გზის დასაწყებად. ვფიქრობ, სწორედ ბავშვობის ნახატებში იჩენს თავს შემოქმედებითი ხედვის საწყისი.
–  დასამახსოვრებელი სტუდენტობიდან?
– სამხატვრო აკადემიის სტუდენტობა – ეს სულ სხვა გარემოა. აქ შეხება გიწევს უნიჭიერეს ხელოვანებთან. ყოველი წლის ბოლოს საუკეთესოდ მახსენდება გამოფენები, როდესაც შენი ნახატი კედელზე ჰკიდია და ხალხი უყურებს და აფასებს. შეგრძნებაა, რომ შენი ნიჭი ცოდნად გადაიქცა.– ნატიფი ფერწერით და პოეტურობით გამოირჩევა ნატურმორტები…. რომელ ნამუშევარს გამოყოფდით თავად ამ სერიიდან?
– ნატურმორტების სერიიდან გამოვყოფდი ნახატებს, სადაც ჩანს ფერწერაც და პოეტურობაც.
– როგორ დაიხატა „ვენეცია“?
– ვენეცია – ეს არის ქალაქი, რომელსაც არაერთი მხატვარი ეტრფოდა და დღემდე მოხიბლულია მისი სილამაზით. უამრავი ნახატი დაიხატა, შეიქმნა. მე შევეცადე, ტილოზე გადმომეცა ფერებისა და წყლის ემოცია.– წერთ ხატებს…  საინტერესო ისტორია.
–  პროფესიონალი ხატმწერი არ ვარ, თუმცა ჩემი მოძღვრის კურთხევით ვწერ ხატებს. იმედი მაქვს, დადგება დღე, როდესაც ამ პროფესიას დროს სრულად დავუთმობ.
პირველი ხატი 15 წლის ასაკში დავწერე. იმ დროს მაცხოვრის ხელთუქმნელი პატარა ხატი დაზიანდა. ძალიან მეტკინა გული. ავიღე დაფა და დავწერე ზეთის საღებავებით. იგივე ხატი გადმოვხატე. მაშინ არც ვიცოდი, რა საღებავებით სრულდებოდა ხატი და მისი კანონიკა. თუმცა როდესაც ვაჩვენე მოძღვარს, აღფრთოვანდა, მიკურთხა და მომცა კურთხევა ხატწერისთვის.
– და მაინც, რომელს ანიჭებთ უპირატესობას – ფერწერას თუ ხატწერას?
– ხატწერა ჩემთვის სხვა პასუხისმგებლობაა. ამ დროს მხატვარს მხოლოდ ფუნჯი უკავია,  დანარჩენი უფლის მადლით იქმნება.
– შობის ღამე. ანგელოზები…
– ნახატი – შობის ღამე და პატარა ანგელოზები გამოხატავენ სიხარულს, სიკეთის ხარებას, იმედს, მფარველობას. ეს ნახატი ამ ყველაფრის სიმბოლოა.
– დროის რომელ მონაკვეთში გირჩევნიათ ხატვა?  შთაგონება…
– ემოციას ვერ განვსაზღვრავ. ხატვის შთაგონება მოდის სიყვარულიდან, სიხარულიდან, სევდიდან მარტოობიდან. თუმცა, როდესაც სიმყუდროვე მაქვს და ირგვლივ არ არის ქაოსი, ხატვა მაინც ამ დროს მირჩევნია.ყოველთვის ვცდილობ დავხატო ისეთი რაღაც, რაც სიამოვნებას მიანიჭებს საზოგადოებას, რათა ისეთივე დადებითი ემოციით ავავსო ისინი, როგორი ემოციაც მეუფლება ხატვის პროცესში.
– ჰობი…
– როგორც მხატვრისთვის, ჰობი არის იმის კეთება, რაც მაძლიერებს.
– ოჯახი…
 – მყავს ორი შვილი – გოგონები. უფროსი 18 წლის და უმცროსი 13 წლის. ნინო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტია. ხატვით არ ხატავს, თუმცა ძალიან უყვარს სიმღერა. კარგი სმენა აქვს. მონაწილეობდა საბავშვო – მუსიკალურ კონკურსებში. პატარა ანასტასია ხატავს, აგრეთვე, ცეკვავს კარგად. მეუღლე 9 წლის წინ გარდაიცვალა. შვება და ბედნიერება ჩემს შვილებსა და პროფესიაში ვპოვე. ხატვა კურნავს სულს და გვილამაზებს ცხოვრებას.
მხატვარს არა მხოლოდ საკუთარი, არამედ სხვათა ცხოვრების გალამაზებაც შეუძლია.

                                                       

                                                                                            თამარ შაიშმელაშვილი

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები