„მიწასა და თვალს შორის“ – თედო რეხვიაშვილის გამოფენა გაიხსნება
20 თებერვლიდან 8 მარტის ჩათვლით, ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმის დროებით საგამოფენო დარბაზში, თედო რეხვიაშვილის გამოფენა – „მიწასა და თვალს შორის“ გაიმართება.
მუზეუმის ინფორმაციით, გამოფენა გაიხსნება 18:00 საათზე.
მუზეუმის ინფორმაციით, გამოფენა გაიხსნება 18:00 საათზე.
თედო რეხვიაშვილი 1990 წელს დაბადებული თანამედროვე ქართველი არტისტია. მის შემოქმედებაში – სოციალურ, პოლიტიკურ, ფილოსოფიურ ნამუშევრებსა თუ ცალკეულ პეიზაჟში – ხშირადაა ასახული ქართული ლანდშაფტი, მისთვის მშობლიური ადგილები. სხვადასხვა მედიუმში მუშაობის მიუხედავად, აკვარელი ავტორისთვის წარმოადგენს იმ მასალას, რომლითაც ხედი იქცევა არა მხოლოდ პეიზაჟად, არამედ შინაგან გამოცდილებად — იმ ზონად, რომელიც მიწასა და თვალს შორის არსებობს.
თედო რეხვიაშვილის პეიზაჟებში წარმოდგენილი ადგილები რეალურია, თუმცა მათი არსებობა ქაღალდზე, სცდება გეოგრაფიას. ნანახსა და გახსენებულს შორის იბადება განსხვავებული ლანდშაფტი — აღქმითა და განცდით ფორმირებული სივრცე.
ექსპოზიციის ტექსტობრივ ღერძს წარმოადგენს თავად მხატვრის სიტყვები:
ექსპოზიციის ტექსტობრივ ღერძს წარმოადგენს თავად მხატვრის სიტყვები:
„თვალებს როცა ვხუჭავ და ვიხსენებ, ქართული ლანდშაფტი ჩემთვის ასეთია: ძალიან მეჩხერი, ველებად დაშლილი ფერდობები, ყანებად დასერილი ველები, რომლებსაც ხეხილისა და ტყემლის ხეები, ბუჩქები და ბარდები ჰყოფს. ეს ყველაფერი დაბლა გადადის ოხრანარევ კლდეებსა და ქვაღორღიან ჭალებში, მომწვანო-მონაცრისფრო მდინარით, მურყნებითა და ტირიფებით ნაპირების გასწვრივ, სადაც თავკომბალებიან გუბურებში ლურჯი ცა ირეკლება. მაღლა და მაღლა მინდვრები მუხისა და თხმელის ტყეებში გარდაისახება, მერე კი ნაძვნარითა და ფიჭვნარით უერთდება ნაცრისფერ კლდოვან მთებს. სოფლის არქიტექტურაც ველურია, გახუნებულ-განაცრისფრებული ფიცრულებითა და ღობეებით.
ჩემი სამშობლოსთან ურთიერთობა და სიყვარული სამცხის მთებიდან მოდის. იქ შევიცანი პირველად ბუნებაცა და სოფელიც. ანკარა ნაკადულის სიცივეც და ნამიანი ბალახის სურნელიც სამუდამოდ იქაური დამრჩა.
მთლიანობაში, ჩემთვის ქართული პეიზაჟი ალბათ მშვენიერ ფორმათა აურზაურია, ბევრი ჭაობისფერით, მწვანით, უმბრათი და იისფერით. პეიზაჟები არ ასახავს მხოლოდ კონკრეტულ მხარეებსა და ადგილებს, არამედ იქცევა ფერის, ელფერის სხვადასხვანაირ მდგომარეობად, ჰორიზონტებისა და ფორმათა თანაარსებობით. აკვარელი ის ჰაეროვანი სივრცეა, რომელიც მძიმე წარსულის მქონე ქართულ მიწასთან ურთიერთობას მიმსუბუქებს, შეხებას მიადვილებს. ესაა ლაქა ლაქაზე, დინება და შეჩერება იმგვარად, როგორც პეიზაჟი ცხოვრობს ჩემს თვალსა და მეხსიერებაში.
ყოველდღიურად, ყველა ჩვენებურ გზას გავდივართ ბუნებამდე. მიწასა და თვალს შორის არ არსებობს მკაფიო საზღვარი — არსებობს სივრცე, სადაც მატერია და აღქმა, წარმოდგენა და მეხსიერება თანაარსებობს. აკვარელი, თავისი გამჭვირვალობითა და დინებით, სწორედ ამ შუაგულში მუშაობს. ფორმები ჰაეროვნად ენაცვლებიან ერთმანეთს, ფერი კი სუნთქავს”.
მისამართი: რუსთაველის გამზირი N7.